მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბრიდან პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მიმართ მოთხოვნა იკლებს - Royal Inn

5fb7cf0d42c00
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 21:50
1039
ბუტიკური სტილის სასტუმრო Royal Inn სახელმწიფო პროგრამაში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართულია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ სასტუმროს დატვირთვა სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 80%-მდე იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

BM.GE-სთან საუბრისას Inn Group-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ უცხოელების მიერ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესების მაჩვენებელი დეკემბრიდან იკლებს.

„თბილისში სასტუმრო Royal Inn-ს კომერციულ კარანტინად ვამუშავებთ. საქმე იმაშია, რომ სასტუმრო „იმუშავე საქართველოდან“ პროგრამით ჩამოსულ უცხოელებს მასპინძლობს, რა დროსაც უცხოელი ვიზიტორები და საქმიანი ადამიანები ჩვენთან გადიან კარანტინს. დღემდე სანამ მწვანე ზონაში ვიყავით, აქტივობა მაღალი იყო, ახლა როდესაც წითელ ზონაში შევედით, დეკემბრიდან აქაც კლება შეინიშნება.

სასტუმროს დატვირთვა წინა თვეებში დაახლოებით 80%, ნოემბერშიც ასეთი დატვირთვა გვქონდა, მაგრამ დეკემბერი იკლებს იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში არ გაუარესდა. შევხედავთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები“, - განმარტავს კოკაია.

კითხვაზე - რა მოუტანა სასტუმროს და ზოგადად Inn Group-ს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამ, კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს:

„იმუშავე საქართველოდან“ პროგრამაში თავიდან 25 სასტუმრო ვიყავით ჩართული და ძალიან ბევრი გამოეთიშა, იმიტომ რომ არ ჰყავდათ სტუმრები, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გვყავდა სტუმრები, იყო რეალური ფასები. ადამიანს, როდესაც სთავაზობ რომ 8 ან 12 დღე გამოკეტილი იყოს ოთახში, არ შეიძლება ის ფასი დაადო, რაც სტანდარტულად ღირს. დავადეთ საკმაოდ დაბალი ფასი, რაც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ფასზე 3-ჯერ მეტი იყო. ამან იმუშავა და ჩვენს სასტუმროში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გაიარა კარანტინი. ამ პროგრამაში ჩართულობით იმდენად მაღალი იყო სასტუმროს დატვირთვა, რომ ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი გაეხსნათ დაკეტილი სასტუმროები და ჩართულიყვნენ პროგრამაში. სრულ უმუშევრობას და დასაქმებულთა უმუშევრად დატოვებას, ჯობდა მცირე დატვირთვით მაინც ემუშავათ“.

მისივე ინფორმაციით, მიმართულებები, საიდანაც ადამიანები საქართველოში ჩამოდიოდნენ, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.

„ეს ძირითადად იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები და წყვილები, რომლებსაც საქართველოდან მუშაობა უნდოდათ. მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. იყვნენ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე მექსიკიდან, ახალი ზელანდიიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან. ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - უთხრა BM.GE-ის Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის პროგრამით "იმუშავე საქართველოდან" ქვეყანას 197 პირი ესტუმრა.