მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დელტაში არ ხორციელდება დანახარჯების შესაბამისი აღრიცხვა“ - აუდიტის ანგარიში

6206a7c75f374
თამთა ჯიჯავაძე
12.02.22 00:50
1129
დელტაში არ ხორციელდება დანახარჯების შესაბამისი აღრიცხვა და შექმნილი პროდუქციის თვითღირებულების სათანადო კალკულაცია, ვინაიდან არ არის ჩამოყალიბებული კალკულაციის პრინციპები. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

„დელტა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს. დებულების მიხედვით, სხვადასხვა დანიშნულებასთან ერთად, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მრეწველობაში სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისების, წარმოების ორგანიზება. გარდა აღნიშნულისა, სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციამ უნდა შეისწავლოს საცდელსაკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობები. მიუხედავად აღნიშნულისა, ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული განვითარების პოლიტიკა, რომლითაც დეტალურად უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის საქმიანობა და საწარმოო მიმართულებები, სიმძლავრეები და წარმადობა, რაც აფერხებს პროცესების ეფექტიანობას.

გარდა აღნიშნულისა, 2017-2020 წლების განმავლობაში, დელტა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს ჯავშან-ჟილეტების, ჩაფხუტების, მედლების დამზადებას, რომლისთვისაც ნედლეულის შეძენის მიზნით გათვალისწინებული ყოველწლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 3 მლნ ლარს შეადგენს. დელტას მიერ შეკვეთების დაგვიანებით დასრულების გამო, სამინისტროს აქტივები დაგვიანებით მიეწოდა“, - წერს აუდიტის სამსახური.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის განმარტებით, ნაკლოვანებების და გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება. კერძოდ, აუდიტის მიხედვით, ორგანიზაციამ 2021 წელს დაამტკიცა ნაკეთობის თვითღირებულების დაანგარიშების წესი, რომლის მიხედვითაც ხდება კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში კალკულაციის შედგენა და წარდგენა.