მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Demirören Holding წყალტუბოში ინვესტირებას გეგმავს | რა ვიცით ამ ჰოლდინგის შესახებ?

62f65e138e27d
გიორგი თოლორდავა
12.08.22 18:14
1937
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერიის“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება, თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში დეტალებზე საუბარი არ არის.

Demirören Holding-ი ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ერდოღან დემირორენის მიერ სტამბულში 1956 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგი ამჟამად დემირორენის ოჯახის საკუთრებაშია და ის რამდენიმე სფეროში ათობით შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: ენერგეტიკა, წარმოების ინდუსტრია, უძრავი ქონება, მშენებლობა, განათლება, მედია, ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა.

ჰოლდინგის უმსხვილესი აქტივი Milangaz-ია, რომელიც თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის 9%-ს აკონტროლებს და ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს.

Demirören-ის ქოლგის ქვეშ მოქცეულია ათობით ჟურნალი, გაზეთი, სატელევიზიო არხი, გამოცემა და საინფორმაციო სააგენტო. გარდა ამისა, ჰოლდინგი თურქეთის მასშტაბით Warner Brothers-ის, Discovery-ის, Cartoon Network-ისა და CNN Türk-ის კონტენტის გავრცელების ლიცენზიებსაც ფლობს.

ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში თურქული ჰოლდინგის უმსხვილესი აქტივებია: Kemer Country Hotel & Club, Uptown Istiklal, Demirören Istiklal, და Istiklal Palace.

აღსანიშნავია, რომ დემირორენის ოჯახს უაღრესად ახლო კავშირები აქვს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და ჰოლდინგი არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ თუ სამშენებლო პროექტშია ჩართული.

ბოლო მონაცემებით, ჰოლდინგის წლიური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


BMG-მ Demirören Holding-ის მიერ წყალტუბოში განსახორციელებელი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის შესახებ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.