მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დღგ-ის შეღავათი კვლავ გავრცელდება - კანონპროექტი

61657441f1980
ინგა მურუსიძე
12.10.21 16:27
516
"ახალი კანონპროექტის მიხედვით, დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი კვლავ გავრცელდება" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანია კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის, რაც საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში.

საქართველოს კანონის პროექტის „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საუბრისას დეპუტატმა განმარტა, რომ ცვლილება ე.წ. დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება. მისივე თქმით, მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული ღონისძიებებისა, ამ მიმართულებით კვლავ რჩება პრობლემა.

„2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდგომ გამოცხადდა გარკვეული შეღავათები ზოგადად სამშენებლო სექტორისთვის და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან იქნა კომპანიები გათავისუფლებული იმისთვის, რომ წახალისებულიყო ბიზნესი და იმ ეკონომიკურ ვარდნას ხელი არ შეეშალა სამშენებლო სექტორისთვის. მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული უამრავი ქმედებისა, რომელმაც, პრაქტიკულად, ამოწურა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, განსაკუთრებით, დედაქალაქში, კვლავ ღია რჩება საკითხი, ისეთ დაუმთავრებელ მშენებლობასთან, რომელიც განიცდის დემონტაჟს.

არის დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის დაუმთავრებლობა გამოწვეულია 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე და ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში, ისინი აღარ ექვემდებარებიან მოქმედი კანონმდებლობით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიზანია, სწორედ ასეთი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი, რაც, რეალურად, საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

ინიციატივის დეტალებით bm.ge დაინტერესდება და ბიზნესის პოზიციასაც შემოგთავაზებთ.