06.ივლისი .2022 20:47

„დემპინგზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა“ - ირაკლი ლექვინაძე ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს

„დემპინგზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა“ - ირაკლი ლექვინაძე ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს
views 541
უკან

„დემპინგზე არცერთი განაცხადი არ შემოსულა“- ამის შესახებ BM.GE-სთან კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ერთი წელია, რაც კონკურენციის სააგენტო ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, სააგენტოში არც ერთი ადგილობრივი ინდუსტრიის განაცხადი არ დარეგისტრირებულა.

ლექვინაძის ვარაუდით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც მსოფლიო ბაზრებზე შეცვლილ მდგომარეობას, ისე იმ მტკიცებულებების წარმოდგენის საკითხს, რომელიც დემპინგურ იმპორტზე განაცხადის დარეგისტრირებისთვის არის აუცილებელი.

„კონკურენციის სააგენტოში ამ დრომდე არც ერთი განაცხადი არ შემოსულა. ჩვენ ამას რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ. პირველი, ეს შეიძლება იყოს მსოფლიო ბაზრებზე შეცვლილი კონიუნქტურა. ის სექტორები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საკითხს მიიჩნევდნენ პრობლემად და ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დემპინგურ იმპორტს, ნახეს რომ მათი პროდუქციის ღირებულება საერთაშორისო ფასების მიხედვით საკმაოდ გაზრდილია. მეორე ფაქტორი კი შეიძლება იყოს ზოგადად მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ჩვენი კანონმდებლობით საკმაოდ რთული პროცესია, რადგან თუ კომპანია თვლის, რომ მისი კომპანიის მიმართ დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს“, - განაცხადა ლექვინაძემ

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1 ივნისიდან უფლებამოსილია ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.