04.აგვისტო .2022 18:05

„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
views 487
უკან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომლიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.

კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა უკრაინული კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება.

„ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია. ასეთივე რეკომენდაცია გაცემულია მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინასთან მიმართებაში ევროკომისიამ გააკეთა მითითება, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას და ახლა უკვე მოწოდებაა კანონის იმპლემენტაციაზე.

ჩვენთვის, დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი ჩაგვეთვლება შესრულებულად. ჩვენ ობიექტურ საზომად ავიღებთ ევროკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში და შესაბამისად, ავიღოთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან. ეს არის ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, რომ არ გახდეს შემდეგ სამსჯელო, რა კანონი დაიწერა და რატომ ჩაიდო ესა თუ ის მოსაზრება. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციები იქნება ფართო და იქნება მაღალ რისკი, რომ ეს პუნქტი არ ჩაგვეთვალოს შესრულებულად.

მართალია უკრაინული კანონი იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ჩვენ კონკრეტული საკითხების შესრულების წინაპირობები გვაქვს დაყენებული. რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაციები, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. სამუშაო ჯგუფი ამას გააკეთებს. ჩვენ დავდებთ პროექტს და პროცესი შემდგომ უკვე გადაინაცვლებს პოლიტიკურ სივრცეში, კომიტეტზე, პლენარულ სხდომებზე და ამასთანავე, შესაძლოა ამ პერიოდისთვის, ვენეციის კომისიამაც დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელები. ჯგუფში ორი ადგილი გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლებისთვის.

გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა