მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო - პარლამენტი

62d6b438b4260
BM.GE
19.07.22 17:37
420
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან მე-5 პუნქტის - დეოლიგარქიზაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონის შესახებ მსჯელობა გაიმართა.

„დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა, ამიტომ რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ, შეგვიძლია, დაახლოებით, ვივარაუდოთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს და რა კრიტერიუმებია“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათი სურვილია ამ კანონის იმპლემენტაცია და შესაბამისად, თუკი ევროკომისიის მიზანია უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაცია, ლოგიკურია, რომ საქართველოსთან მიმართებითაც ამ კანონის მიღებაც და იმპლემენტაციაც უნდა იყოს სწორი.

„უკრაინული მოდელი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს. პირველი, ეს გახლავთ პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი შესაბამისი პირის მხრიდან. მეორე, ეს არის დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე. მესამე, ეს არის გავლენა მედიაზე და მეოთხე - დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ ოთხი კომპონენტიდან თუ სამი იქნება დაკმაყოფილებული, უკრაინული მოდელით, პირი მიჩნეული იქნება ოლიგარქად. დგება რეესტრი და ხდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის მთავრობა, რომელსაც საბოლოოდ აფორმებს პრეზიდენტი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალური იდეების გამხმოვანებელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა პარტნიორებმა, რომლებიც საუბრობენ დეოლიგარქიზაციის საკითხზე დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რაც არათუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ზრდის მას.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდე ელისაშვილის განცხადებით, უკრაინული კანონის პირდაპირ გადმოტანა არ უნდა მოხდეს, რადგან იქ ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა.

„უკრაინაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ვინ არის ოლიგარქი და ეს საბჭო წყვეტს, შეიტანონ თუ არა ესა თუ ის ადამიანი ოლიგარქთა რეესტრში, ეს ძალიან გაუგებარია. ასევე, საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ოლიგარქთან კომუნიკაცია, რაც ასევე გაუგებარია. ამ კომუნიკაციას თუ დამალავენ, ამას ვინ აკონტროლებს? საინტერესო იქნებოდა, ვენეციის კომისიის დასკვნა მოგვესმინა. ახლა შევთანხმდით, რომ ჩვენს მოსაზრებებს წარვუდგენთ. ჩემი პოზიციაა, რომ ქართულ რეალობას მოვარგოთ კანონი“, - აღნიშნა ალექსანდე ელისაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოში ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას, თუ ყველა სხვა კანონი შესრულდება.

„თუ ეს კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პროკურატურა და სასამართლო პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ოლიგარქიული კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არსებობს“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, უკრაინული კანონი ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხარვეზიანია და მასზე ვენეციის კომისიას შეფასება არ დაუდია.

„12 პუნქტი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლების ვერტიკალი შევამციროთ. ჩვენ ამ კანონით კი, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ხელისუფლების გავლენას და მომავალ ხელისუფლებებს შესაძლებლობა ექნებათ, ოპოზიციონერებს ამ კანონით რაღაც პრობლემები შეუქმნან. ამიტომ, სამუშაო ჯგუფის მიზანი უნდა იყოს სტრუქტურული ცვლილებების მომზადება, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენთვის დეოლიგარქიზაციად ჩაითვლებოდა ის, თუ ხელისუფლება ბუნებრივ ბარიერსა და სრულად პროპორციულ არჩევნებზე წამოვიდოდა. ეს იმის საფუძველია, რომ მომავალში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხოს“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.

უფრაქციო პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა იმ რეფორმის ზედმიწევნით გატარება, რომელიც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან.

„დღევანდელ შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ჩვენი გუნდის მხრიდან. პირველი, ეს არის უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი. რაც შეეხება კონკრეტულ კანონს, დღეს პრეზენტაცია ვიხილეთ უკრაინაში არსებული კანონის. ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის რაღაც კანონის ასლის გაკეთება, უბრალოდ, არის ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული კანონი. ამოსავალი უნდა იყოს იმ უკანონოდ კონცენტრირებული ძალაუფლების დემონტაჟი, რომელიც დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში გვაქვს“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, პოლიტიკური ჯგუფების - „გირჩის“, „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულების პროცესს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.