მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტარული ხელწერილები - “სილქნეტის” შეთავაზება ადგილობრივი ინვესტორებისთვის

5fb10be47c01f
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.20 15:05
2194
“სილქნეტი” ადგილობრივ ინვესტორებს, ახალ საფინანსო პროდუქტს სთავაზობს, ეს დეპოზიტარული ხელწერილებია, რომლებიც კომპანიის მიერ 2019 წელს გამოშვებულ $200-მილიონიან ევროობლიგაციებზე არის მიბმული. ახალი ფასიანი ქაღალდის მინიმალური ნომინალური ღირებულება $1000 დოლარი იქნება, შესაბამისად ის ადგილობრივი ინვესტორების ფართო წრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. დეპოზიტარული ხელწერილის წლიური სარგებელი 11% იქნება.

გადაცემა Forbes-ის კვირასთან საუბარში სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი ილია ენუქაშვილი ამობს, რომ ქართული ბაზრისთვის ახალი ფასიანი ქაღალდის წარდგენის განმაპირობებელი ფაქტორი გახდა ის, რომ ადგილობრივ ინვესტორებს მათი დაინტერესების მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საკმარისი სახსრები, რათა საერთაშორისო ბაზარზე განთავსებული ევროობლიგაციები შეიძინონ, რადგანაც ევრობონდის შესაძენი მინიმალური ოდენობა $200,000 დოლარს შეადგენს. დეპოზიტარული ხელწერილის გამოშვებით კი ადგილობრივ ინვესტორებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა გახდნენ “სილქნეტის” ევროობლიგაციების ირიბი მესაკუთრეები.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროობლიგაციები შემოტანილ იქნა მის მშობლიურ ქვეყანაში დეპოზიტარული ხელწერილების სახით. ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ არც ისე მდიდარი ქვეყანაა და არ გამოირჩევა ადგილობრივი ინვესტორების განსაკუთრებული აქტივობით. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა კარგი გზა მეტი ქართველი ინვესტორისთვის გაგვეხადა ჩვენ მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები ხელმისაწვდომი.

ევროობლიგაციებს აქვს შეზღუდვა, რომ 200,000 დოლარი არის მინიმალური ღირებულება, რაც ინდივიდუალურ ინვესტორს შეიძლება ეჭიროს. შესაბამისად ეს ძალიან მაღალი ზღვარია იმისთვის, რომ მასობრივად ქართველ ინვესტორებს ჰქონდეთ საშუალება, რომ ინვესტირება მოახდინონ “სილქნეტისა” თუ ნებისმიერი სხვა კომპანიის ბონდებში. შესაბამისად დავიწყეთ ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ გაგვეფართოვებინა ქართველი ინვესტორების არეალი.

შარშან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და რა თქმა უნდა პანდემიამ ამ პროცესზე იქონია გავლენა, თუმცა არ გავჩერდით და განვაგრძეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ამ პროექტში იყო ჩართული. ეს არის პროექტი, რომელსაც ახლა შეიძლება მყისიერი ეფექტი არ აქვს, მაგრამ სამომავლოდ ამას ვფიქრობთ რომ ეფექტი ექნება. სილქნეტს უნდა რომ ჰყავდეს კმაყოფილი ინვესტორების დიდი არეალი, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს მიღმაც,”- Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა ილია ენუქაშვილმა.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში ამბობს, რომ ეს ფასიანი ქაღალდი განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან მისი სარგებელი საბანკო დეპოზიტის სარგებელს საგრძნობლად აღემატება.

“ვისაც დანაზოგი აქვს დოლარში, ან ეშინია ლარის გაუფასურების, მას შეუძლია შეიძინოს ეს ევროობლიგაცია და ყოველ 6 თვეში ერთხელ მიიღებს ინვესტირებული თანხის 5.5%-ს დარიცხული პროცენტის სახით. 5.5% ექვს თვეში, ანუ წელიწადში 11% დამეთანხმებით, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი საბანკო დეპოზიტი საქართველოში. დღეს წამყვანი ბანკები დოლარის დეპოზიტზე საუკეთესო შემთხვევაში იხდიან 2.5%-3%,”- ამბობს ფარესიშვილი.

“სილქნეტი” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. მასზე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე 31%-იანი წილი, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კი 34%-იანი წილი მოდის. კომპანიამ 2019 წელს შემოსავლის სახით ჯამურად 387 მილიონი ლარი მიიღო. ილია ენუქაშვილის თქმით, რომ არა საფინანსო ბაზრისთვის შეთავაზებული ევრობონდები კომპანიას ბოლო წლებში დაფიქსირებული ნახტომისებური ზრდა გაუჭირდებოდა.

“სილქნეტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში დიდი ნახტომი გააკეთა. მოგეხსენებათ, რომ კომპანიამ, რომელიც წარსულში მხოლოდ ფიქსირებულ მომსახურებას ეწეოდა, 2018 წელს იყიდა ჯეოსელი გაორმაგდა ზომაში და დაიწყო მობილური ქსელის განვითარების ძალიან სწრაფი ეტაპი. კომპანიის მიზნებში შედის, რომ ვიყოთ აქტიური მოთამაშე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე და ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტი გააკეთოს, დააფინანსოს ის ტექნოლოგიური გარღვევები, რაც მომავალში იქნება საჭირო და გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.

ეპიდემიის პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ 20-25%-ით გაიზარდა ფიქსირებული ტრაფიკი, ხოლო მობილური ტრაფიკი კი გასამმაგდა. ზუსტად იმ ინვესტიციებმა, რომლებიც კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გასწია, მისცა საშუალება რომ ეს გაეკეთებინა,”- განაცხადა ილია ენუქაშვილმა.