მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების 59% კვლავ უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული

628f6cb614b92
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.22 16:28
1063
2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში სულ 37.2 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. ამ თანხიდან 22.1 მილიარდი, ანუ 59.5% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ბოლო 2 წელში დოლარიზაციის კლება 4.9 პროცენტული პუნქტია.

თუმცა განსხვავებულია მდგომარეობა დეპოზიტების კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, იურიდიული პირები ქართულ ბანკებში სულ 15.2 მილიარდის დეპოზიტებს ინახავენ, საიდანაც უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 49.8%-ია. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანიები საქართველოში თანამშრომლების დაქირავებისთვის, მომწოდებლებთან ანგარიშგებისა და გადასახადების მომსახურებისთვის ძირითადად სწორედ ეროვნულ ვალუტას იყენებენ.

განსხვავებულია ვითარება ფიზიკური პირების დეპოზიტებში. ბანკებში საქართველოს მოქალაქეები სულ 15.7 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, საიდანაც 69% ანუ 10.8 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ანუ მოქალაქეები საკუთარი სახსრების შენახვის დროს უპირატესობას კვლავ უცხოურ ვალუტაზე აკეთებენ.

რაც შეეხებათ უცხოეთის მოქალაქეებს, მათ ქართულ ბანკებში 4.3 მილიარდი ლარის ანგარიშები აქვთ გახსნილი, რომლის 88%-იც დოლარიზებულია.