მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევა იურიდიული პირების ანგარიშებზეც გავრცელდება

609a5e496d0a4
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.21 19:29
821
2022 წლის 1 იანვრიდან იურიდიული პირების საბანკო დეპოზიტები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნება დაზღვეული. ამას პარლამენტის მიერ ახლად მიღებული კანონი ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, 15,000 ლარის მოცულობით იურიდიული პირების დეპოზიტები სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნება გარანტირებული.

ცვლილების შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა. მისი თქმით, ამჟამად სააგენტო 4 მილიარდი ლარის დეპოზიტებს აზღვევს, იურიდიული პირების დეპოზიტების დამატება კი ამ თანხას 600 მილიონი ლარით გაზრდის.

ძიძიკაშვილის განცხადებით, ბანკებისთვის იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის პრემიის საფასური 2022 წელს სავარაუდოდ 3.5 მილიონი ლარი იქნება.

“დეპოზიტების დაზღვევას დაემატა იურიდიული პირებიც. როგორც მოგეხსენებათ ამ სისტემის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მნიშვნელოვანია რომ იურიდიული პირებიც იყვნენ დაზღვეული.

ჩვენ ამ დროისთვის ვაზღვევთ დაახლოებით 4 მილიარდი ლარის აქტივებს. იურიდიული პირების დეპოზიტების დამატების შემთხვევაში ამას დაემატება 600 მილიონი ლარის აქტივები. ეს იქნება წლიურად 3.5 მილიონი ლარი. შესაბამისად 3.5 მილიონი ლარი წლიურად არ არის ფინანსურად დიდი წნეხი,”- განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს (პრემიას) კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს უხდიან. ლარის ანგარიშისთვის ყოველთვიური პრემია დეპოზიტის - 0.067%, ხოლო უცხოური ვალუტის ანგარიშისთვის კი პრემია 0.1%-ის ტოლია. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკების მიერ ყოველთვიურად გადახდილი პრემიის მოცულობა საშუალოდ 2.5 მილიონი ლარია.

2020 წლის განმავლობაში საბანკო სისტემამ დაზღვევის პრემიის სახით სულ 22.6 მილიონი ლარი გადაიხადა. მთლიანობაში დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მოცულობა 66.6 მილიონი ლარია. სააგენტო ამ თანხას სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს.