04.ივლისი .2020 14:10

დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი გაიზარდა – რა იცვლება მოქალაქეებისა და ბანკებისთვის?

views 397
უკან

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 15,000 ლარამდე გაიზარდა იმ თანხის მოცულობა, რომელსაც ქვეყანაში არსებულ ყველა დეპოზიტარს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დაუზღვევს. აქამდე ეს ლიმიტი 5,000 ლარს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკი, რომელშიც მოქალაქეებს თანხა აქვთ შენახული მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდება და ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს, დეპოზიტარებს 15,000 ლარამდე ოდენობის თანხას სახელმწიფო სააგენტო აუნაზღაურებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას გადაცემა „საქმის კურსში“ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილება ერთის მხრივ ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას და მეორეს მხრივ, არის დამატებითი კომფორტის შემქმნელი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან მათ ანგარიშებზე დარიცხული თანხა ავტომატურად დაზღვეულია სახელმწიფოს მხრიდან და მათ ამ დაზღვევაში დამატებითი გადასახადის გადახდა არ უწევთ.

„თუ საბანკო სექტორს წელს მილიონ 600 ათასი ლარი შეჰქონდა სადაზღვევო ფონდში, ამ ცვლილების შემდგომ 2 მილიონ 200 ათას ლარს შეიტანს. ჩვენ მოვახდინეთ კოეფიციენტების დაწევა – თუ აქამდე მოსაკრებლის სახით იხდიდა 0.067%–ს ლარის ანგარიშებზე, ამიერიდან ბანკები გადაიხდიან 0.03%–ს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საბანკო სექტორს ამ ცვლილების გარეშე უნდა გადაეხადა დაახლოებით 2 მილიონ 800 ათასი ლარი ყოველთვიურად, ამის შემდეგ ეს ციფრი დაიწევს 2.2 მლნ–მდე, რაც საკმაოდ კარგი შეღავათია, რაც ჩვენ საბანკო სექტორს მივეცით.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ მათ ვამცნეთ სექტემბერში, შესაბამისად, მათ ჰქონდათ დიდი დრო, რომ თავიანთი მომდევნო წელი ფინანსურად სწორად დაეგეგმათ“, – განმარტა ძიძიკაშვილმა.

რაც შეეხება დაზღვეული დეპოზიტების მოცულობას დღევანდელი მდგომარეობით, ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, თუ ყველა ვალუტას ლარში გადავიყვანთ, მათი მოცულობა 16 მილიარდს აღწევს, საიდანაც 2 მილიარდამდე დაზღვეულია 5000–ლარიანი დეპოზიტები, ამ ცვლილების შემდეგ კი, 3.5 მლრდ ლარი იქნება ავტომატურად დაზღვეული ფიზიკური პირების დეპოზიტები.

„ზუსტად ორი წლის განმავლობაში, დეპოზიტებზე რიცხული თანხები ფიზიკური პირების შემთხვევაში გაიზარდა 11–დან 16 მილიარდამდე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და ეს არ მოხდა მხოლოდ სავალუტო კურსის ცვლილების გამო – ნომინალშიც თუ შევხედავთ, საშუალოდ, დაახლოებით 15%–მდე იზრდება წლიდან წლამდე ნებისმიერ ვალუტაში რიცხული დეპოზიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება, მოქალაქეებს მეტი რესურსი უჩნდებათ იმისთვის, რომ დააგროვონ, დაზოგონ მეტი თანხა ანგარიშებზე, აქედან გამომდინარე, ამ ზღვრის გაზრდა საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა. სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა