2024 წლის 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000 ლარამდე იზრდება. ახლანდელი მონაცემებით, სადაზღვევო ზღვარი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარია.
დაანონსებული სიახლის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან თოდუამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში დეპოზიტების მოცულობა 46 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 12%-ია დაზღვეული, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 20%-25%-ია.
„დღეს ჩვენი მონაცემებით 46 მილიარდი ლარის ოდენობის დეპოზიტებია, აქედან 24 მილიარდი არის ფიზიკური პირების, ხოლო 22 მილიარდი არის იურიდიული პირების დეპოზიტები. ამ 46 მილიარდიდან დაზღვეულია 6 მილიარდამდე, რაც არის დაახლოებით 12%. სრული დეპოზიტების 20%-25% თუ იქნება დაზღვეული, ეს უკვე კარგია“, - თქვა ლევან თოდუამ.
ამასთან, თოდუამ განმარტა რას ნიშნავს დეპოზიტების დაზღვევა და მის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულია საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი. დაზღვეულია ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები. ეს ეხება ნებისმიერ დადებით ბალანსს, რომელიც ფიქსირდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის ანგარიშზე. დღეს დაზღვევის ზღვარი არის ერთ ადამიანზე თითოეულ ბანკში 15 000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ფიზიკურ პირს ერთ ბანკში განთავსებული აქვს 45 000 ლარი, იქიდან დაზღვეული არის 15 000 ლარი, მაგრამ თუ ამ 45 000 ლარს სამ კომერციულ ბანკში განათავსებს, უკვე დაზღვეული იქნება თითოეული ბანკიდან 15-15 ათასი ლარი“, - თქვა ლევან თოდუამ.
სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს არსებობა უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს სანდოობის პრობლემა არ აქვთ.
„ეს სისტემა იმიტომ არ არის შექმნილი, რომ რაიმე საფრთხეს ვხედავთ ბაზარზე. დღეს საბანკო სისტემა საკმაოდ მდგრადია და არაფერი ემუქრება არც ახლო და არც შორეულ მომავალში, თუმცა ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია კრიზისებთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, ამ სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილი იყო.
მოქალაქემ იცის, რომ თუ რამე კრიზისი შეიქმნება და ბანკის ლიკვიდაციის საკითხი დადგება, მყისიერად აუნაზღაურდება დეპოზიტის ის ნაწილი, რაც დაზღვეულია. ასევე, მეორე ჩვენი ფუნქცია რაც არის, თუ შეიქმნა რამე კრიზისი და რომელიმე ბანკს შეექმნა პრობლემა, არ მოხდეს ამის გავრცელება სხვა ბანკებზეც დომინოს პრინციპით“, - თქვა ლევან თოდუამ.
გადაცემაში აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში დეპოზიტების მოცულობა იზრდება და საქართველოში პირველად, სადეპოზიტო პორტფელმა საკრედიტო პორტფელს გადააჭარბა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე ფიზიკური პირების დეპოზიტები 120%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების 140%-ით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი