მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების ლარიზაცია 38.4%-მდე შემცირდა

5f96e6dbd6ac0
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.20 19:29
1902
ლარის უკანასკნელი გაუფასურების ფონზე, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ლარში საბანკო დეპოზიტების 38.41% იყო ნომინირებული, რაც პირველ სექტემბერს არსებულთან შედარებით 2.08 პროცენტული პუნტქით ნაკლებია. გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტის გამოკლებით, ლარიზაციის კლებამ 0.49% შეადგინა. 

ჯამურად, ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობამ პირველი ოქტომბრისათვის 32.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.91 მლრდ ლარით ანუ 6.19%-ით მეტია პირველი სექტემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით მეტი). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 821.96 მლნ ლარით, ანუ 5.66%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით ანუ 6.66%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.45%-ით).

წლიურ ჭრილში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი გაზრდილია. 2019 წლის ოქტომბერში საბანკო დეპოზიტების (რაც მაშინ 25.6 მლრდ ლარს შეადგენდა), 63% უცხოურ ვალუტაში იყო ნომინირებული. დოლარიზაციის წილი განსაკუთრებულად 2020 წლის მარტ-აპრილში გაიზარდა და სექტორის 65%-ს მიაღწია. კურსის შედარებითი დასტაბილურების პარალელურად, დოლარიზაციის წილიც შემცირდა და მან აგვისტოში 59.5% შეადგინა, ხელახალი გაუფასურების შედეგად კი ის ხელახლა გაიზარდა. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დოლარიზაციის წილის შემცირებას მთავრობის მიერ ბიუჯეტის ნაშთის კომერციულ ბანკებში გადატანამაც შეუწყო ხელი. ამ გზით ფინანსთა სამინისტრომ 1.6 მილიარდი ლარი კომერციულ ბანკებში გადაიტანა.