მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავის კომპანიას მილიონობით ლარის სახელმწიფო კონტრაქტები გაუფორმდა - TI

6423ef5c7f9e2
BM.GE
29.03.23 11:59
517
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავის - ცოლის ძმის კომპანიას მთავრობა მილიონობით ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს უფორმებს. 

საუბარია კომპანია "ელექტრო მონტაჟ სერვისზე", რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და რომელსაც ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი - ცოლის ძმა 2015 წლიდან ფლობს და მართავს. 

ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.

"შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან 6,549,941 ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი”, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მფლობელებისა და დირექტორის ცვლილებები

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იგი უმთავრესად სამშენებლო და ელექტროფიცირების საქმიანობას ეწევა. თავდაპირველად კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან დადიანი იყო, დირექტორის პოზიციას კი ნუგზარ რობაქიძე იკავებდა.

ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა - იგი უსასყიდლოდ გახდა შპს-ს 30% წილის მფლობელი . 2016 წლის მარტში ალეკო ხვისტანმა კომპანიაში წილი 50%-მდე გაზარდა და ასევე დაიკავა დირექტორის პოზიციაც. 2021 წლის დეკემბერში ხვისტანმა საკუთარი 50% წილი მეუღლეს, მაია ჭელიძეს გადასცა. მაია ჭელიძე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1992-1995, 1995-1999 და 1999-2004) წევრის, ივერი ჭელიძის შვილია.

ამჟამად შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” 50/50 წილებს მაია ჭელიძე და ბონდო ომიანიძე ინაწილებენ, დირექტორი კი ისევ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანია.

საიდუმლო შესყიდვები

კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე, ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ორ საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000070 და GEO170000381) გაიმარჯვა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ ჩანს ამ ორი ტენდერის ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასი 2,017,789 ლარი იყო.

2017-2019 წლებში შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000600, GEO170000744, GEO180000391, GEO180000491, GEO190000434), ხუთიდან სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, ორჯერ კი კონკურენტთან შედარებით დაბალი თანხა შესთავაზა. ჯამურად შეთავაზებული ფასების მოცულობამ 11,059,287 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხუთივე ტენდერის სტატუსი შეჩერებულია ეტაპზე: “წინადადებების მიღება დასრულებულია” და აღარ იკითხება შემდგომი პროცედურები. შესაბამისად უცნობია, საბოლოოდ მიიღო თუ არა ხელშეკრულებები კომპანიამ, თუმცა სავარაუდოა, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოები შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” შეასრულა,"- ნათქვამია TI საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

bm.ge "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებნას ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.