19.ივლისი .2022 14:31

დეპუტატები „სამხედრო მუზეუმის“ შექმნის ინიციატივით გამოდიან, რაც ბიუჯეტს ₾24 მლნ დაუჯდება

დეპუტატები „სამხედრო მუზეუმის“ შექმნის ინიციატივით გამოდიან, რაც ბიუჯეტს ₾24 მლნ დაუჯდება
views 774
უკან

პარლამენტის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს. მუზეუმის მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 24 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ეს თანხა ეტაპობრივად უნდა გამოიყოს.

კანონპროექტი "მუზეუმების შესახებ" კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და მისი ავტორები ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ელისაშვილი არიან. 

კანონპროექტითვე შემოდის “სამხედრო მუზეუმის” ცნება. კერძოდ, სამხედრო მუზეუმი ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმია, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

კანონპროექტით სამხედრო მუზეუმის მშენებლობა 2028 წელს უნდა დასრულდეს, რადგან ავტორების ინფორმაციით, 2022-2024 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა ვერ განხორციელდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის.

“სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება „ბ.გ“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით შეადგენს 23 753 112 ლარს, მუზეუმის დახურული სივრცის მშენებლობისთვის განკუთვნილი ხარჯი ლარებში დათვლილია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2021 წლის 30 ივლისის მდგომარეობით არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად. გასათვალისწინებელია პროექტის განხორციელების მომენტში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც თავის მხრივ ზეგავლენას მოახდენს საბიუჯეტო ხარჯებზე”, - წერია განმარტებით ბარათში.

ამასთან, მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტო წელზე:

2025 წელს პროექტირებისთვის გამოიყოს 249 576 ლარი, ხოლო კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 187 182 ლარი;

2026 წელს მშენებლობის პირველი ფაზის დასაწყებად გამოიყოს 4 211 595 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 280 773 ლარი;

2027 წელს მშენებლობის მეორე ფაზისთვის გამოიყოს 5 615 460 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 467 955 ლარი, გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის მომზადებისთვის 93 591 ლარი, გამოფენის დიზაინის შემუშავებისთვის 93 591 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 311 970 ლარი;

2028 წელს მშენებლობის ბოლო ფაზისთვის გამოიყოს 4 211 595 ლარი, კოლექციების საგამოფენოდ მომზადებისთვის 62 394 ლარი, აღჭურვისთვის 4 679 550 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 1 247 880 ლარი, ღია სივრცის მოსაწყობად 2 040 000 ლარი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმის შენახვისთვის საჭირო ხარჯები ყოველწლიურად სავარაუდოდ შეადგენს - 782.500 ლარს (მუზეუმის შენახვისათვის საჭირო ხარჯებს 398 500 ლარს დამატებული მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება -384 000 ლარი).

ამასთან, მუზეუმის აშენებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმებული პირების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 27 პირს, რომელთა ყოველწლიურ შრომით ანაზღაურებაზე, სავარაუდოდ, დაიხარჯება 384 000 ლარი.

“კანონპროექტით გათვალისწინებული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რომელსაც უფლება ექნება აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოხმარდება სამხედრო მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: სახელმწიფო ბიუჯეტი, სპეციალურად შექმნილი ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებისა და პროგრამების გრანტები, შემოწირულობები, უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული სახსრები. მუზეუმის შემოსავალი იქნება სამხედრო მუზეუმის მიერ ბილეთების, სასუვენირო და ნაბეჭდი პროდუქციის, სამუზეუმო კაფეს და მაღაზიების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები”, - წერია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა