მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი - აღსრულების კანონი არ მუშაობს, შეიჭრებიან შენს საკუთრებაში და მერე უნდა ეხვეწო, რომ გამოვიდნენ

60700cbf743dc
ინგა მურუსიძე
09.04.21 14:30
1832
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბეჟან წაქაძე საპოლიციო გამოსახლების შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს მიღებულ კანონს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „აღსრულების კანონი“ ფაქტობრივად არ მუშაობს.

როგორც მან განაცხადა, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, ეს გადაწყვეტილებები კი არ სრულდება, შესაბამისად, ფართის მეპატრონე, რომელსაც ეს ობიექტი გაქირავებული აქვს, წლების განმავლობაში საკუთარი ქონებით ვერ სარგებლობს.

„მაგალითად, თუკი შენს საკუთრებაში არსებულ ოფისშია შესული კომპანია, ვერ იხდის, არღვევს ხელშეკრულებით აღებულ პირობებს... შენ არ გვაქვს უფლება, თუ გაჯიქდა, იქიდან გამოვიყვანო. ძალიან ბევრი ქონება და მიწა გაჩერებულია იმის გამო, რომ შეჭრილი არიან გარკვეული პიროვნებები. უკვე ჩამოყალიბდნენ ჯგუფები, რომლებიც თუ დაინახავენ, რომ ერთი დღე ღია დაგრჩა კარი, შევარდებიან შიგნით, მერე უნდა ეხვეწო, რომ გამოიყვანო შენი ქონებიდან და ამისთვის აქეთ უნდა იხადო ფული“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან ურტყამს ბიზნესს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ მიმართულებით ბიზნესი აქვთ.

„ადამიანმა რომ მოინდომო შენს საკუთრებაში შეჭრილი ადამიანის გამოყვანა, ეს დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის დეკემბერში აკრძალა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი.