მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ეკონომიკის მინისტრი თავის უმოქმედობას მცირე და საშუალო ბიზნესს აბრალებს

5db079410f1f8
შოთა ტყეშელაშვილი
23.10.19 20:00
1022
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან კობერიძე საკრედიტო საგარანტიო სქემის ბიუჯეტის აუთვისებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დეპუტატის მიერ სახელმწიფო პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომ საკრედიტო საგარანტიო ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარის ათვისება არ მომხდარა. ამასთანავე მინისტრი უთითებს, რომ პროექტის მიმართვიანობა დაბალია.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო პროექტის აუთვისებლობის კერძო სექტორისთვის გადაბრალებას ცდილობს. 

"ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარებისათვის .

მინისტრისგან მივიღე პასუხი, რომ 2019 წლის გასული 10 თვის განმავლობაში 20 მლნ ლარიდან არცერთ პროექტზე თეთრიც არ აქვს ათვისებული და გაცემული გარანტიის სახით !

მინისტრის არგუმენტი ასეთია - მცირე და საშუალო ბიზნესმა საკრედიტო-საგარანტიო ფონდს დახმარებისთვის არ მიმართეს: „ამ ეტაპზე, აღნიშნული სქემის ფარგლებში, არ არის გაცემული საკრედიტო გარანტია. ასევე, არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რადგან ორივე ზემოაღნიშნულს კერძო სექტორის მიმართვიანობა განაპირობებს და ტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფაა დასასრულებელი“.

ფაქტობრივად, მინისტრი თავის მართლების მიზნით თავის უმოქმედობას იქეთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აბრალებს და ამბობს, რომ მისთვის არ მიუმართავთ და ამიტომ გარანტიები არ არის გაცმეული.

მივმართავ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს: გაუადვილეთ მინისტრს მუშაობა და მოითხოვეთ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში აკუმულირებული 20 მლნ ლარი თქვენივე ბიზნესის სასარგებლოდ.

პირადად მე, როგორც პარლამენტარი მზად ვარ ჩავერთო ამ მიმართვიანობის შესრულების კონტროლში და შეგიძლიათ პარალელურად იგივე მიმართვა ჩემთანაც გამოაგზავნოთ და ჩვენ მოვითხოვთ პასუხს მინისტრისაგან შემდგომ არ შესრულებაზე,"- წერს ლევან კობერიძე. 

ცნობისთვის: "საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდა. სქემამ უნდა უზრუნველყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 12 უმსხვილესი ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მიმდინარე წლის 25 ივლისს ჩაერთო. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. სამინისტროში მიიჩნევენ, აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ, საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.

2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.