მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს: გამიკვირდა თქვენი მხრიდან ამ საუბრის "წამოძახება"

5dda2e56e4b97
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.19 11:20
3507
დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პასუხობს. საქმე ეხება ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას ჯანდაცვის კომიტეტში კლინიკების წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმსჯელეს. განხილვას დეპუტატებთან ერთად მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა.

ამავე თემაზე მსჯელობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალურ სივრცეში” გუშინაც, სადაც ექიმები და დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაციას უწუნებდა. გადცემაში არ მონაწილეობდა ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა, ბოლო ნაწილში მან სატელეფონო ჩართვა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ დეპუტატ ლევან კობერიძის საჯარო გამოსვლა და მასთან პირადი საუბრები განსხვდება ერთმანეთისგან. სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში:

“ქალბატონო ეკა, კლინიკებისათვის ტარიფიკაციის თემის სიმწვავიდან გამომდინარე ეტყობა არ მოგწონთ შენიშვნა, რომ თქვენ, ჯანდაცვის მინისტრს, მნიშვნელოვანი რეფორმების წინ გევალებათ მინიმუმ ერთხელ მაინც შეხვდეთ სამედიცინო საზოგადოებას და იმსჯელოთ მათთან ერთად, მათ შორის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში (სადაც უკვე 6 თვეა გელოდებით და არ მოსულხართ დანიშვნის შემდეგ)

ახლა ამ სატელეფონო საუბრის შინაარსზე:

- ჯანდაცვის კომიტეტში კლინიკებთან შეხვედრის წინ, სატელეფონო საუბროს დროს, შემოგთავაზეთ, რომ თუ მოხვიდოდით კომიტეტში (და ოღონდ მოსულიყავით) ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებდი იმისთვის, რომ შეხვედრა მწვავე პოლიტიკური დებატების გარეშე, სამედიცინო საზოგადოებისათვის საკადრის კონსტრუქციულ ფორმატში ჩაივლიდა, რადგან ეს თემა პოლიტიკურ თემებზე მაღლა დგას და ეხება ჩვენი მოქალაქეების, პაციენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების რისკებს ... თუმცა, თქვენ მაინც უარი განაცხადეთ და პარლამენტში შეხვედრაზე არ მოხვედით. და ძალიან გამიკვირდა თქვენი მხრიდან ამ საუბრის “წამოძახება” თითქოსდა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით.

იმედს ვიტოვებ, ეს თქვენს მიერ გადაცემის ყურების დროს გამოწვეული ემოციური ფონით გამოწვეული სპონტანური შეცდომა იყო და არა ჩემი, როგორც ოპონენტის, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა”,- წერს ლევან კობერიძე.