მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი ჯანდაცვის სამინისტროს: სექტორიდან გამუდმებული ჩივილები მოდის, რატომ გვაყენებთ ამ მდგომარეობაში?

5ef444a31d003
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.20 00:10
997
“რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც მოდის გამუდმებული ჩივილები, რომ არაფერი შეთანხმებული არ არის? რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში?” - მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას.

ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც სექტორში ჯარიმების მოცულობას ზრდის და რეგულირების პროცესში სასამართლოს როლს ამცირებს. კომიტეტის შეფასებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა დროებით უნდა შეჩერდეს, ამ პერიოდში კი სამინისტრომ ჯანდაცვის სექტორთან უნდა აწარმოოს კონსულტაციები.

“როგორც ჩანს კერძო სექტორთან მუშაობის ფორმატები ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დასახვეწი. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ბევრჯერ გამეორდა დარგის მხრიდან. მე არ ვითხოვ სამინისტროსგან რომ მათ გაითვალისწინონ დარგის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, უბრალოდ საჭიროა დაფიქსირდეს ფაქტი, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდეს პარლამენტში კანონპროექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის არარსებობის გამო, გადავდეთ ეს საკითხი.

არ მივესალმებით სასამართლოსთან მიმართებაში იმ მოცემულობას, რაც იყო წარმოდგენილი, მისი ამოღება არ არის კარგი იდეა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დარჩეს სასამართლოს წესი, თუმცა დოკუმენტაციის ამოღება მოხდეს კლინიკისთვის შეუტყობინებლად,”- განაცხადა რომან კაკულიამ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, ამიტომ კომიტეტზე მისი განხილვის გადადების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. დეპუტატებმა საკითხის განხილვა გადადეს.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

გარდა ამისა, დღესვე, ჯანდაცვის კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვაც გადადო.

კომიტეტზე საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა, შენიშვნები მოისმინა და თქვა, რომ უწყება მზად არის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

„საკითხი საკითხია, არსებობს დამატებითი კითხვები, საჭიროა დამატებითი დრო. უნდა შევძლოთ და ყველა მხრიდან შევხედოთ პრობლემას. ეს საკითხიც მცირე დროით გადავდოთ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა სხდომის დასრულებისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.