მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი მინისტრის მოადგილეს: ჰესები რომ უნდა აშენდეს, მაგას ვამბობ, მაგრამ არ შენდება, ამაშია საქმე

5daf2b845e36b
დავით ჯალაღონია
23.10.19 11:00
1260
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობა დაბალი ტემპებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

თვალაბეიშვილმა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაბალ ტემპებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ იგი ამ ეტაპზე ვერ ხედავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც 2030 წლისთვის, ახალი კანონის თანახმად, განახლებადი ენერგიების წილს ქვეყნის მთლიან ენერგომოხმარებაში 29%–დან 35%–მდე გაზრდის.

„ჰესების მშენებლობა დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, გეთანხმებით, გარკვეულწილად ეს ასეა, მაგრამ მასმედიაში იმ პროექტებზე საუბრობენ, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვს ადგილობრივებთან ან გარემოს დამცველებთან, თუმცა პროექტების დიდი უმრავლესობა წარმატებით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ეს არ ჩანს. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არც ისე უიმედოა სიტუაცია, როგორც შეიძლება მოეჩვენოს მოსახლეობას იმ ხმაურიდან გამომდინარე, რაც სხვა პროექტებს ახლავს. ეს გეგმა (ახალი სადგურების მშენებლობის) არსებობს, მივყვებით ამ გეგემას“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა და დასძინა, რომ ჰესები უნდა აშენდეს და მთავრობა ამას მიხედავს, რასაც ისევ დეპუტატ არველაძის რეპლიკა მოჰყვა.

„რომ უნდა აშენდეს, მეც მაგას ვლაპარაკობ, მაგრამ რომ არ შენდება, ამაშია საქმე“, – აღნიშნა არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ენერგოსექტორში შემცირებულ ინვესტიციებზე გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა.

"ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, სადაც ჩვენ დაგვაკლდა ინვესტიციები. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო. ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ინვესტიციების განვითარებისთვის და ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვჭირდება განვითარება და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოსახლეობასთან კონსულტაციით", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 120 მილიონ 794 ათასი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე (280 მლნ 557.5 ათასი აშშ დოლარი) 56.9%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტალს, „საქსტატის“ წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ენერგეტიკაში $63.7 მილიონის მოცულობის ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%–ით ნაკლებია.

ცნობისთვის: ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში ელექტროენერგიის მომხარების ზრდასთან ერთად, ქვეყანას უფრო და უფრო მეტი იმპორტირებული რესურსი სჭირდება, რადგან ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (139.5 მლნ კვტ.სთ) 32.8%-ით აღემატება.

ელექტროენერგია საქართველომ შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

რუსეთიდან: 125.011 მლნ კვტ.სთ

აზერბაიჯანიდან: 60.334 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში 1020.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (832.4 მლნ კვტ.სთ) 22.6%-ით მეტია.