მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ნუ გვაიძულებს ჯანდაცვის მინისტრი, იძულებული გავხადოთ, რომ მოვიდეს პარლამენტში

5defa13d995dd
ინგა მურუსიძე
10.12.19 17:48
2544
ნუ გვაიძულებს ჯანდაცვის მინისტრი, იძულებული გავხადოთ, რომ მოვიდეს პარლამენტში, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

დეპუტატმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, მინისტრს კომუნიკაციის უცნაური ფორმა აქვს, როცა მოქალაქეებს, პროფესიული წრეების წარმომადგენლებს და პარლამენტარებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან ესაუბრება.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც 520-ე დადგენილებას ეხება. ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა არის გამოწვეული პროფესიულ საზოგადოებაში, ექიმებში და მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ მსჯელობებიდან არის ის, რომ ეს დადგენილება საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდების თემას. ჯანდაცვის მინისტრს კომუნიკაციის ცოტათი გაურკვეველი სტილი აქვს როგორც პარლამენტთან, ასევე პროფესიულ საზოგადოებასთან, როცა იგი საჯარო შეხვედრებზე არც თავისი, არც სხვისი მოწოდებით არ ჩნდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

კობერიძე ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კვლავ აქტუალური გახდეს საკითხი, რომელიც უკვე რამდენიმე ხნის წინ დადგა და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები.

"მოვუწოდებ მინისტრს, თავისი სურვილით მოვიდეს ჩვენთან კომიტეტში, რომ გაიმართოს მსჯელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უცნაური განცდა ჩნდება, რომ ის გვესაუბრება რატომღაც „იმედის“ ტელეეთერიდან. თუ მხოლოდ „იმედის“ სივრცე არის მისთვის კომფორტული, მაშინ შევეცდებით კომიტეტში „იმედის“ ლოგო დავკიდოთ, წარმოიდგინოს, რომ „იმედის“ სტუდიაშია და იქ გამართოს ეს შეხვედრა. მე ვთხოვ მას - მოვიდეს, იყოს კონსტრუქციული, ნუ გვაიძულებს, რომ კომიტეტის, ფრაქციის ან ინტერპელაციის წესით იძულებული გავხადოთ, რომ მოვიდეს პარლამენტში. თემა, რომელზეც ვსაუბრობთ მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.