მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის ეზო N1” - უცხოელ ვიზიტორებში პოპულარული ადგილის განვითარების გეგმები და მოლოდინები

607994e1a1a07
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 21:03
2438
ყვარელში, ახალსოფელში დუღაშვილების მამა-პაპისეულ სახლში მცირე ინვესტიციითა და „აწარმოე საქართველოს“ გრანტით 2018 წლიდან ამოქმედებული ღვინის მცირე საწარმო და ტურისტული ობიექტი „ღვინის ეზო N1” ფართოვდება და ვითარდება.

ახალი ადგილი პანდემიამდე უცხოელ ტურისტებს ღვინის, გასტრო, აგრო, ეკო, ეთნო ტურებს სთავაზობდა და როგორც თავად ობიექტის დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, „ღვინის ეზო N1” პანდემიამდე უცხოელ ვიზიტორებში, ხოლო პანდემიის პერიოდში ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.



დღეს კი ტურისტული ობიექტი „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით, მიმდინარე წელს პანდემიის მიუხედავად, მცირე ბიზნესის განვითარებას გეგმავს, რითიც რუკაზე დატანილ ადგილს ახალ ფუნქციას სძენს.

„დღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 30 000 ლარის გრანტი მოვიგეთ, რომლითაც საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა - ქართული აივნებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომელიც კულტურათა გაცვლის, ტრენინგების, ვორქშოფების ადგილი იქნება. დარბაზის მოწყობა მაისში დასრულდება და ჩვენს სტუმრებს დამატებით მომსახურებასაც შევთავაზებთ“, - აღნიშნა თიკა დუღაშვილმა.



„ღვინის ეზო N1” დამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიამდე კახეთში მოქმედი ტურისტული ადგილი შემოდგომაზე დაახლოებით 40-მდე ადამიანს, ძირითადად ორგანიზებულ ჯგუფებს მასპინძლობდა.

„ტურისტული მიმართულებები, საიდანაც უცხოელი დამსვენებლები ჩამოდიან დამოკიდებულია იმაზე, ვისთან დაამყარებ კარგ ურთიერთობებს. თავდაპირველად ყველაზე მყარი კავშირები საფრანგეთთან გვქონდა, თუმცა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ისეთი ბაზრები გააქტიურდა როგორიცაა ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ზოგადად გათვლა უცხოელებზე იყო. მართალი გითხრათ პანდემიის პერიოდში მოლოდინი რომ ქართველებისთვის შეგვეძლო კარგი შეთავაზებების გაკეთება არ მქონია, თუმცა აღმოჩნდა რომ ინტერესი ადგილობრივ დამსვენებლებშიც იყო და პანდემიის პერიოდში შესაბამისად სეზონზე აქტიურად ვმუშაობდით. დიდი ინტერესი მოდის კორპორაციებიდანაც“, - აღნიშნა თიკა დუღაშვილმა.



ტურისტული ადგილისადმი ინტერესი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ უცხოელი ტურისტებიდან ინტერესი კვლავ გაჩნდა. „ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს მათ ძირითადად ვაქცინირებული ჯგუფები სტუმრობენ.

„ავიამიმოსვლის ამოქმედებისა და ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ჩვენთან ძირითადად აცრილი ტურისტები ჩამოდიან. უკრაინა, ბრაზილია, შვეიცარია, ამერიკა, ინდოეთი - ეს ის მიმართულებებია საიდანაც ბოლო პერიოდში სტუმრები გვყვავდა.

მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონზე ტურისტები გვეყოლება, რადგან ვაქცინაცია თითქმის ყველა ქვეყანაში დაწყებულია“, - აღნიშნა „ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელმა.

თიკა დუღაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი ობიექტის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ სამომავლოდ მოთხოვნიდან გამომდინარე დამფუძნებლები სასტუმროსაც გახსნიან, თუმცა ზუსტ დროს ვერ ასახელებს.