მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ბლოსი: "პროგრეს ბანკის" შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

5da81ebd1561a
BM.GE
17.10.19 12:42
1464
საქართველოს ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკს" მოუწოდებს, რომ თუ ეს უკანასკნელი ფლობს დოკუმენტაციას, რომელიც "პროგრეს ბანკში" საეჭვო ტრანზაქციების განხორციელებას ასახავს, აღნიშნული დოკუმენტაცია ეროვნულ ბანკსა და სამართალდამცავებს მიაწოდონ. ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტაცია ეროვნულ ბანკს არ აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კახა კალაძის კუთვნილ ყოფილ "პროგრეს ბანკში" საეჭვო ტრანზაქციების განხორციელების შესახებ საუბრობს, ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ ბლოსია, რომელმაც ბანკის საქმიანობა კალაძის მიერ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე შეისწავლა.

"პროგრეს ბანკის" ამბით იმიტომ დავინტერესდით, რომ არჩევნები მოდიოდა და გვინდოდა, გვეჩვენებინა, როგორი იყო კალაძე ბიზნესში, სანამ პოლიტიკაში წავიდოდა. ვიცოდით, რომ იტალიიდან დაბრუნებულმა "პროგრეს ბანკი" დააფუძნა - მხოლოდ ის გავაკეთეთ, რომ "პროგრეს ბანკის" საქმიანობა შევისწავლეთ. ჟურნალისტური გამოძიების მსვლელობისას აღმოვაჩინეთ, რომ "პროგრეს ბანკს" საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსულ ბანკებთან, რომლებიც რუსეთში იყვნენ დაჯარიმებულები ცენტრალური ბანკის მიერ საეჭვო ტრანზაქციებისთვის.

ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ, შეფასებებში. ფულის გათეთრება იურიდიული ტერმინია. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ისეთი ტრანზაქცია, რომლითაც ეროვნული ბანკი სხვა ვითარებაში აუცილებლად დაინტერესდებოდა. ეს ტრანზაქციები ჩვენი შეფასებით ნამდვილად საეჭვო იყო. ნორმალურ ვითარებაში, ეს ტრანზაქციები მივიდოდა პროკურატურამდე, რომელიც გადაწყვეტდა, რა მსვლელობა უნდა მისცემოდა საქმეს.

კალაძეს თუ დავუჯერებთ, ბიძინა ივანიშვილმა პროგრეს ბანკის 22%-იანი წილი იმიტომ შეიძინა, რომ ბანკს დახმარებოდა და ბაზარზე მეტი ბანკი ყოფილიყო. ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, რომელიც მოვლენებს შორიდან აკვირდებოდა, უცნაურია, რატომ უნდა მოუნდეს მოქმედ პოლიტიკოსს, პრემიერმინისტრს, რომელიმე ბანკის გადარჩენა და წილის შესყიდვა. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაც ამას ჩემსავით უჩვეულოდ მიიჩნევდა", - ამბობს დევიდ ბლოსი.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წელს, როდესაც "თიბისი ბანკი" "რესპუბლიკა ბანკის" შეძენას გეგმავდა, ბიძინა ივანიშვილმა მას "რესპუბლიკასთან" ერთად, "პროგრეს ბანკის" შეძენაც სთხოვა. საბოლოოდ "თიბისი ბანკმა" "პროგრეს ბანკის" აქტივების მხოლოდ ნაწილი შეიძინა.

პროგრეს ბანკის დამფუძნებელი კახა კალაძეა. ის კალაძემ 2007 წელს დააფუძნა. 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს "პროგრეს ბანკის" აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ "ბანკ რესპუბლიკასთან" ერთად იყიდა.

გუშინ, კახა კალაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ "პროგრეს ბანკის" 22%-იანი წილის შეძენის მიზანი "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან" ბანკის გადარჩენა იყო.

"როდესაც მე მივიღე გადაწვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო - "ქართუ" და "პროგრეს ბანკი", რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი მეთოდით, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, რომელსაც ვემსახურებოდით ჩვენ კრედიტებით და ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, "თიბისი ბანკის" მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს?! იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ს და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან?! სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?!", - აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება "პროგრეს ბანკის" ერთ-ერთ მეწილეს, ილია გავრილოვს, როგორც კახა კალაძე აცხადებს, მის წარსულ საქმიანობას არანაირი კითხვის ნიშნები არ გაუჩენია.