01.სექტემბერი .2020 20:00

დევნილთა სააგენტო 450-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

views 224
უკან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 450-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

როგორც bm.ge-ს დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 400-ზე მეტ ბინას თბილისში, 30-მდე ბინას კი ქუთაისში შეისყიდის.

სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა