მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

5ebc5db9ce1ac
BM.GE
14.05.20 00:50
869
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დაგეგმილ სადეზინფექციო სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ეს სამუშაოები ტარდება კონკრეტულად დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არსებული ქუჩები სრულად იქნება დამუშავებული სადეზინფექციო ხსნარებით. ანალოგიური სამუშაოები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება და მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.