04.მაისი .2021 09:00

დღეიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია

დღეიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია
views 281
უკან

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. მთავრობის განცხადებით, "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, მოსახლეობის მობილობის შემცირების და კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 3-12 მაისს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ორი დადენილება, რომლითაც ჩამოთვლილია იმ საგამონაკლისო სექტორების სია, რომლებზეც უქმე დღეების მოთხოვნა არ გავრცელდება. პირველი დადგენილების თანახმად, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სებ-ის რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებზე (ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე, სესხის გამცემი სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებზე). ამასთანავე, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით; შესაბამისად კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა სერვისს თუ პროდუქტს აწვდიან სახელმწიფოს, სავალდებულო დასვენება არ მოუწევთ.

მეორე დადგენილების ავტორები კი ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები არიან. ამ დადგენილებით განსაზღვრულია 21 საქმიანობის სფერო, რომლებზეც ეს მოთხხოვნა არ გავრცელდება. ამასთან, თავდაპირველ დოკუმენტში მოხსენიებული იყო 13 სფერო, თუმცა 28 და 29 აპრილის დადგგენილებებით მათ კიდევ 7 საქმიანობა დაემატა.

გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხება:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.

5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები.

7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა.

8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

12. სამაშველო საქმიანობა.

13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

17. ნარჩენების მართვა.

18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა.

19. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

20. სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება.

21. სადაზღვევო საქმიანობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა