მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან 70 წელზე ხანდაზმულებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

5efc2c9a53bd0
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.20 10:37
2156
2020 წლის ბიუჯეტის თანხმად, დღეიდან 70 წელზე უფროს ხანდაზმულებს ასაკობრივი პენსია 30 ლარით გაეზრდებათ. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პენსია 250 ლარს მიაღწევს. 

იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის პენსია 20 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში საბაზო ასაკობრივი პენსია 220 ლარია, ამასთან დღეიდან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფი. მათთვის პენსიების დიფერენციაცია მომავალშიც შენარჩუნდება. 

პენსიის ინდექსაცია:

პარლამენტი განიხილავს მთავრობის კანონპროექტს პენსიების ინდექსაციის შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ასაკობრივი პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება. ინდექსაციის ფორმულის მიხედვით, პენსიის მატება დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება, 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერების პენსიების დიფერენცირება იქნება. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პენსია წლიურად მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება.

ინდექსაციის ფორმულა:

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-7 მუხლში შედის ცვლილება და განისაზღვრება პენსიის გაანგარიშების წესი. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას, პენსიის ოდენობა გაანგარიშებული იქნება შემდეგი წესით:

• 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი საქტსტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა იქნება იმ პერიოდისთვის, როდესაც პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენა მოხდება.

რა შეიცვლება?

5 წლიან პერიოდში 70 წლის ასაკამდე პენსიონერების სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 320 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 375 ლარს.

რამდენი პენსიონერია ქვეყანაში?

დღეის მდგომარეობით საქართველოში დაახლოებით 770.0 ათასი პენსიონერია, მათ შორის 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთა რაოდენობა დაახლოებით 410 ათას პენსიონერს შეადგენს.