მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან დეპოზიტების დაზღვევა 15,000 ლარამდე იზრდება - რა იცვლება?

5efc2a64802c1
შოთა ტყეშელაშვილი
01.07.20 10:30
1205
დღეიდან 15,000 ლარამდე იზრდება თანხის ის მოცულობა, რომელსაც ქვეყანაში არსებულ ყველა დეპოზიტარს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დაუზღვევს. აქამდე ეს ლიმიტი მხოლოდ 5,000 ლარს შეადგენდა. 

თუკი ბანკი, რომელშიც მოქალაქეებს თანხა აქვთ შენახული მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდება და ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს, დეპოზიტარებს 15,000 ლარამდე ოდენობის თანხას სახელმწიფო სააგენტო აუნაზღაურებს. 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სააგენტოს დაზღვევისთვის პრემიას უხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლია. 

ბანკები დაზღვევის პრემიას ყოველთვიურად იხდიან. სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში გადარიცხული თანხის ოდენობა 1,559,925 ლარს შეადგენდა. ჯამურად, სააგენტოს მიერ ბანკებიდან მიღებული სადაზღვევო პრემია 40 მილიონ ლარს შეადგენს. 

საბანკო სექტორში ჯამურად 29.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. აქედან ფიზიკური პირების დეპოზიტები 54%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დეპოზიტების სააგენტოს მიერ 2 მილიარდის პორტფელი არის დაზღვეული, რაც 5000 ლარამდე დეპოზიტების მოცულობას წარმოადგენს. პირველი ივლისიდან კი ლიმიტის 15,000 ლარამდე გაზრდასთან ერთად დაზღვეული პორტფელის მოცულობაც გაიზრდება. 

რა პროცედურით უნდა დაბრუნდეს თანხა ბანკის გაკოტრების შემთხვევაში? 

“იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად შერჩეული იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან ერთ-ერთი. ყველა საჭირო ინფორმაცია დეპოზიტორებს ეცნობება სააგენტოს მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების ვადა ეტაპობრივად შემცირდება 7 დღემდე,”- ნათქვამია დეპოზიტების დაზღვევის ვებგვერდზე. 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის საკმარისი თანხები დეპოზიტორების ასანაზღაურებლად? 

“იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არ იქნება დეპოზიტორების ანაზღაურებისთვის საკმარისი თანხები, სააგენტო უფლებამოსილია ისესხოს ფული სახელმწიფოსგან, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები,”-  ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.