მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ე.წ. ტაბელების წარმოება გამარტივდა - რა შეიცვალა დამსაქმებლებისთვის?

636a5bad0b2c9
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 17:39
4166
დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვა ანუ ე.წ. ტაბელების წარმოება დღეიდან გამარტივდა. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ შესავსები სავალდებულო გრაფების რიცხვი 18-დან 10-მდე შემცირდა. შესაბამისი განკარგულება "საკანონმდებლო მაცნეზე" დღეს გამოქვეყნდა.

ამ დრომდე ცალკე ჩაშლილად შესავსები იყო შემდეგი გრაფები:

გრაფებში 5 და 7 – შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;
გრაფაში 14 – თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;
გრაფაში 15 – თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;
გრაფაში 16 – ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;
გრაფაში 17 – თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;
გრაფაში 18 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;

შეცვლილ ბრძანებაში ზემოთ ჩამოთვლილი გრაფები აღარ არის.

ასევე, სამუშაო დროის აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატშიც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, საჭირო აღარ არის დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჯანდაცვის უწყებასთან „ტაბელების სისტემის“ გამარტივებაზე მუშაობდა. როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი განმარტავს, მთავარი მიზანი ბიზნესისთვის აღრიცხვის პროცედურების გამარტივება იყო.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცალკე გადის და არ იქნება აუცილებლად ტაბელებზე მიბმული ცვლებიც რეჟიმთან დაკავშირებული თითოეული ორგანიზაციის შიდა აქტები. ასევე ცვლილებები შედის დისტანციურად ნამუშევარი დროის აღრიცხვაში. აუცილებელი აღარ იქნება ამ სახით ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა და სხვა რიგი ცვლილებებია, რომლებიც საბოლოო ჯამში, ბიზნესსამ ფორმის წარმოებას გაუმარტივებს.

შესაძლებელი იქნება სამუშაო დროის აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატში, როდესაც შესაბამისი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ამ მონაცემების ავტომატურ აღრიცხვას, დამუშავებას და შენახვას, რაც იმ კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ სამსახურში სამუშაო ადგილებზე დაშვების ელექტრონული სისტემა, კიდევ უფრო გაამარტივებს და პრაქტიკულად ავტომატიზირებულს გახდის ამ პროცესს. მათ არ დასჭირდებათ ამაზე დამატებითი ადამიანი და ფინანსური რესურსის დახარჯვა“, - განმარტა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.