მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან გაზზე მომუშავე ტექნიკაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდა - გაძვირდება თუ არა პროდუქტი?

61a63c56d1918
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 09:40
957

დღეიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელითაც აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკის რეალიზაციით დაკავებულ ბიზნეს სუბიექტებს მხოლოდ ახალი რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები ტექნიკის ბაზარზე განთავსების ვალდებულება აქვს.

ახალი წესების მიხედვით, მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 დეკემბრიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება რეგლამენტის პირვანდელ ვერსიაში ვრცელდებოდა როგორც ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე, თუმცა კერძო სექტორისა და შესაბამისი უწყების კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება საამწყობრო ნაწილებზე აღარ გავრცელდება.

"თერმო ცენტრის" იურისტის, სოფო მექანარიშვილის განმარტებით, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე აირზე მომუშავე ტექნიკის გაძვირება აღარ მოუწევთ, რადგან დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც მეწარმეებს პირველ დეკემბრამდე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცათ.

“იმ პერიოდში, როცა პროდუქციის გაძვირებაზე ვსაუბრობდით მოსალოდნელი იყო, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა გვექნებოდა თუ არა მანამდე შემოტანილი პროდუქციის გაყიდვის უფლება. ცვლილების შემდეგ განისაზღვრა, რომ შეგვიძლია პირველ დეკემბრამდე იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვაც. მეტიც, არ არის განსაზღვრული რა ვადით შეგვეძლება ამ პროდუქციის რეალიზება. ანუ შეგვიძლია მარაგი გავიყდოთ მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც. პარალელურად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო  სამწყობრო ნაწილები. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ გასაზღვრა საბაჟო კოდების მიხედვით, რაზე უნდა გავრცელებულიყო ამ რეგლამენტის მოქმედება. შესაბამისად, პატარა ნაწილები, რომლებზეც შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა პრობლემას წარმოადგენდა,  ამ რეგლამენტის ფარგლებში აღარ მოხდა. აქედან გამომდინარე, ფასების გაძვირება, რასაც ვვარაუდობდით, მოსალოდნელი არ არის, რადგან მარაგებსაც ჩვეულებრივად გავყიდით და არც სათადარიგო ნაწილებზე გვექნება წარმოსადგენი  შესაბამისობის დეკლარაცია”,-აცხადებს მექანარიშვილი. 

"თერმო ცენტრის" იურისტის განმარტებითვე, რეგულაციები მხოლოდ იმ პროდუქტზე გავრცელდება, რასაც მეწარმეები 1-ლი დეკემბრის შემდეგ შემოიტანენ. კერძოდ, პროდუქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისობის დეკლარაცია, მათ შორის ქართულ ენაზე უნდა იყოს ეტიკეტირებული როგორც შეფუთვა, ასევე პროდუქტი.