01.სექტემბერი .2020 10:51

დღეიდან მშობლებს შეუძლიათ შვილებს საფრთხის შემცველ ვებ-გვერდებზე წვდომა შეუზღუდონ

views 390
უკან

კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც, იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებულნი არიან, გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

„კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ. კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს.

გარდა ამისა, ბავშვების და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებულები არიან, საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები - 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ასევე, ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, მედიაწიგნიერების ფარგლებში პროექტებს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა