15.ნოემბერი .2019 09:45

დღეიდან მშპ–ის დათვლის წესი იცვლება – რას გამოიწვევს რეფორმა

views 659
უკან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე დღეს, 11:00 საათზე, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) პრეზენტაციას გამართავს, რაც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებას ახალი სტანდარტების შესაბამისად.

2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ 41.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, შეიძლება გაირკვეს, რომ რეალურად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასულ წელს არა- 41.1 მილიარდი, არამედ უფრო დიდი რიცხვი იყო. 

ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორისაა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბის შეფასება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება და სხვადასახვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაადაანგარიშება. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე bm.ge-ისთან ამბობს, რომ ახალი მეთოდოლოგიის პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა, სავარაუდოდ, გაიზრდება. თუმცა ის ზრდის კონკრეტულ მოცულობას ვერ ასახელებს. 

თოდრაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკის ზომის ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად მშპ-ის ზომა 3%-დან 7%-მდე გაიზარდა, სომხეთში ეს ზრდა 6.6%, უკრაინაში - 3.6%, ხოლო მოლდოვაში კი, 18.8% იყო. 

"აღნიშნული ქვეყნები [თურქეთი და სომხეთი] ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდნენ 2014 და 2015 წლებში. მაგალითად, სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის დონე გაიზარდა 6.6%-ით, უკრაინაში 3.6%-ით, ბელორუსში 0.6%-ით. თურქეთში უმნიშვნელოდ გაიზარდა, 0.1%-ით, მაგრამ 18.8%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა მოლდოვაში… თქვენ გაინტერესებთ ძირითადად სხვაობა ძველსა და ახალ მეთოდოლოგიებს შორის. ეს დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან, გარდა ამისა საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან და კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან. რაც შეეხება წყაროს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, ეს მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას,”- ამბობს გოგიტა თოდრაძე. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია წინა წლების მთლიანი შიდა პროდუქტის ხელახალ კალკულაციასაც გააკეთებს. 

რა არის მთლიანი შიდა პროდუქტი? 

მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის ინდიკატორია. ის წარმოადგენს მიმდინარე საბაზრო ფასში გაზომილ, პროდუქციისა და მომსახურების საერთო რაოდენობას, რომელიც წარმოებულია ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ. 

მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება რამდენიმე მოდელი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ფორმულა, სადაც მშპ უდრის: 

GDP = C + I + G + NX 

სადაც, C გამოხატავს მოხმარების მოცულობას (Consumption - მოხმარება), I გამოხატავს ინვესტიციების მოცულობას (Investments - ინვესტიციები), G გამოხატავს სახელმწიფო ხარჯების მოცულობას (Government expenditures - სახელმწიფო დანახარჯები), NX გამოხატავს სხვაობას ექსპორტსა და შორის. საქართველოს შემთხვევაში, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა ნეგატიურია, რაც იმპორტთან მიმართებით 2.7-ჯერ ნაკლები ექსპორტით არის განპირობებული. 

მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი მთლიანი მოხმარებაა, რომლის სტრუქტურაში გამოიყოფა სამი ქვეკლასი: ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Durable Goods), მოკლევადიანი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Nondurable Goods) და მომსახურება (Services). 

მთლიან მოხმარებაში შედის როგორც - მოქალაქეების, ასევე კერძო ბიზნესების მიერ მოხმარებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება. 

ქვეყნის სიმდიდრის შესაფასებლად კი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ერთ მოსახლეზე მშპ-ის ფარდობაა. საქსტატის ცნობით, 2018 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 11,013 ლარს ($4,345 დოლარს) შეადგენდა, რითიც ის საშუალოდ ღარიბი ქვეყნების რიგში იკავებს ადგილს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა