მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

5f4d447aa520f
თამთა ჯიჯავაძე
01.09.20 00:00
8342
საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერთი ბანკმა“ გაავრცელა.

პენსიის გაცემის წესის ცვლილება გულისხმობს, რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

„ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში“, - განმარტავენ ბანკში.

შეგახსენებთ, როგორც გასულ კვირას გიორგი გახარიამ განმარტა, გადაწყვეტილება უკავშირდება პენსიონერების დაცვას, რათა ბანკებში რიგები თავიდან იქნას აცილებული. 

„ლიბერთი ბანკების ფილიალებში პენსიის აღება ყოველთვის რიგებს უკავშირდება. მოხუცები არიან საკმაოდ მაღალი რისკის მქონეები... არანაირი ტექნიკური შეფერხება არ და ვერ იქნება. მთავარი არის ის, რომ შემცირდეს რიგები ბანკებში“, - განაცხადა გახარიამ.

"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.