მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 50 ევრომდე გაზარდა

603ca14ef1159
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 13:00
1129
პანდემიის პერიოდში რუსეთმა ადგილობრივ ბაზარზე პურ-ფუნთუშეულზე ფასების შემცირების მიზნით მარცვლეულ კულტურებზე კვოტირებისა და საბაჟო გადასახადის მექანიზმები აამოქმედა. 2 სახის რეგულაციიდან, რომელიც ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს შეამცირებს, პირველი ნაწილი 15 თებერვლიდან ამოქმედდა, ხოლო მეორე ნაწილი 1 მარტიდან შედის ძალაში.

კონკრეტულად კი, დღეიდან ხორბლის მწარმოებლებისთვის ხორბლის ექსპორტირებისას განსაზღვრული საბაჟო გადასახადი, რომელიც 1 ტონაზე 25 ევროს შეადგენდა, 50 ევრომდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო გადასახადი 15 მარტიდან სხვა მარცვლეულ კულტურებზეც დაწესდება; კერძოდ, სიმინდის ექსპორტზე - 25 ევროს, ხოლო ქერის შემთხვევაში 10 ევროს შეადგენს. ჭვავზე გადასახადი არ წესდება, რამდენადაც მისი ექსპორტირება რუსეთიდან თითქმის არ ხდება.

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის რეგულირებას არც პირველი ივნისის შემდეგ შეწყვეტს. ხელისუფლებაში შეიმუშავეს მექანიზმი, რომელიც მცურავ საბაჟო გადასახადს გულისხმობს და 2 ივნისიდან ამოქმედდება. მცურავი საბაჟო გადასახადის ფორმირება ფასის მიხედვით მოხდება და ხორბლის შემთხვევაში - 1 ტონაზე 200 დოლარს, ხოლო სიმინდის და ქერის შემთხვევაში ტონაზე 185 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობის მიერ დღემდე ამოქმდებული რეგულაციის მიხედვით, 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ძალაში იქნება ხორბლის, ჭვავისა, სიმინდისა და ქერის ექსპორტის მოცულობების კვოტირება, რაც 17.5 მლნ ტონით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მექანიზმი არ მოქმედებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე.

კვოტირებული მოცულობების გადამეტების შემთხვევაში იმოქმედებს გადასახადი, რომელიც საბაჟო ღირებულების 50%-ს შეადგენს, მაგრამ ის 1 ტონაზე 100 ევროზე მეტი არ იქნება.