მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სამომხმარებლო სესხები მხოლოდ 3 წლამდე ვადით გაიცემა

62fb65ec53c73
ნინო ტაბატაძე
16.08.22 14:24
4309
დღეიდან ფიზიკური პირები არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ 3 წლამდე ვადით აიღებენ.

4-დან 3 წლამდე ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 აგვისტოს, ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.

ცვლილება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება. გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლეყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, წლიური ზრდის ტემპი 34%-ია, რაც რეგულაციის გამკაცრების მიზეზი გახდა.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებითვე, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, არ გასცეს სესხი ან/და არ მიიღოს თავდებობა ან უზრუნველყოფის საშუალება, თუ:

იპოთეკურ და 3 წელზე მეტი ვადიანობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება წინასწარ დადგენილ კოეფიციენტებს. ლარით გაცემული სესხისთვის ეს არის 85%, უცხოური ვალუტის სესხებისთვის - 70%.

ყოველთვიური წმინდა შემოსავლისა და სესხის მომსახურების კოეფიციენტის გამოთვლის შემთხვევებისთვის კი, სესხის მომსახურების კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, რევოლვირებადი პროდუქტების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანის დასადგენად სესხის ლიმიტის მაქსიმალურ ვადად 3 წელი უნდა განისაზღვროს. ამ დრომდე გაითვალისწინებოდა 4 წელზე გადაანგარიშებული მაჩვენებელი.