მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისის მიკროავტობუსში საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი

5f9311ef93878
თამთა ჯიჯავაძე
24.10.20 00:00
7056
დღეიდან მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობას თბილისის მერია სპეციალური სისტემით გააკონტროლებს. გაკონტროლდება მიკროავტობუსების გადაადგილების სიჩქარეც. 

ამასთან, როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, მიკროავტობუსებში გადახდის წესიც იცვლება და მხოლოდ ელექტრონული გადახდა იქნება შესაძლებელი. ეს სიახლე გავრცელდება ახალ ავტობუსებზეც.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზები იმუშავებს ზუსტად იგივე ტარიფებით, რომელიც დღემდე მოქმედებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, საშეღავათო ტარიფები, რომელიც არსებობდა, იგივე იქნება ახალ ქსელშიც, თუმცა სიახლეა ის, რომ გადახდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებით მოხდება. ყველას შეუძლია შეავსოს ანაგრიში, ბანკომატები ბევრ ადგილას დგას“, - განაცხადა ხმალაძემ 23 ოქტომბერს.

ასევე, იცვლება მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესი და მათი ხელფასი იქნება დამოკიდებული არა გამომუშავებაზე, არამედ ფიქსირებული. რაც შეეხება იმას, დაახლოებით, რამდენი იქნება მძღოლების ყოველთვიური ანაზღაურება, მერიაში ამბობენ, რომ ამას თავად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განსაზღვრავს და მერია არ ჩაერევა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც მიკროავტობუსებს ეხება, ისაა, რომ მათი რაოდენობა განახევრდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების და მიკროავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, დედაქალაქში ნაცვლად 3 000 მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული.