28.დეკემბერი .2019 10:00

დღეიდან თხილამურებით სრიალი თბილისშიც ხდება შესაძლებელი, თან ნებისმიერ სეზონზე - VIDEO

views 11236
უკან

თხილამურებით სრიალი და სწავლა ნებისმიერ სეზონზე უკვე თბილისშია შესაძლებელი. დღეს, „პროლესკი საქართველო“ თბილისში ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის სიმულატორები, რომლებიც თოვლის იმიტაციას ქმნიან.

“პირველად ამ სიმულატორების შესახებ ერთი წლის წინ, თებერვალში გავიგეთ და უკვე 14 თებერვლიდან დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება თბილისში. ეს ძალიან კარგია დამწყებთათვის, რომელთაც სურთ უსაფრთხო გარემოში ისწავლონ თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი“, - აცხადებს bmg-ისთან „პროლესკი საქართველოს“ დამფუძნებელი გურო გოგიშვილი.



მისი თქმით, სიმულატორები უმაღლესი სტანდარტისაა და მათ ტესტ-დრაივი საქართველოში ჩამოსვლამდე გაიარეს.

„აღნიშნულ სიმულატორებს აქვთ 10-წლიანი გარანტია, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, დამთავრებული ავსტრიით, იტალიით, საფრანგეთით, სადაც მათი ნაკრებები და ბავშვები ვარჯიშობენ“, - აღნიშნავს გურო გოგიშვილი.

„პროლესკი საქართველოს“ სასწავლო ცენტრში აქტიური მუშაობა 3 იანვრიდან დაიწყება. ბავშვებს 3 წლიდან მიიღებენ. ასაკის ზედა ზღვარი არ არსებობს. ერთი გაკვეთილის ღირებულება 30 ლარია და მასში მწვრთნელის მომსახურება და ეკიპირებაცაა გათვალისწინებული.

„ჩვენი ყველა მწვრთნელი საქართველოში მოქმედი მწვრთნელია. ამასთანავე, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც ცალკე ტრენინგებს უტარებენ მათ“, - აცხადებს „პროლესკი საქართველოს“ დამფუძნებელი.

„პროლესკი საქართველომ“ ცენტრში, დაახლოებით, 250 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადო. ამ დროისთვის ადგილზე 8 ადამიანია დასაქმებული.

ასევე, როგორც bmg-ისთვის ხდება ცნობილი, თბილისის შემდეგ „პროლესკი საქართველოს“ ცენტრი ბათუმშიც გაიხსნება. ასევე, დაგეგმილი აქვთ, სასწავლო ცენტრის გახსნა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა