მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეისთვის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების საკითხია“ - რატიშვილი

62beafc476729
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.22 14:05
965
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნის ლიდერებმა გასულ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის გზებზე დაიწყეს მსჯელობა და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად 4.5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. „დიდი შვიდეული“ შეთანხმებული სტრატეგიის მიზანი სურსათის გაძვირებით ყველაზე მეტად დაზარალებული 47 სახელმწიფო მოსახლეობის დახმარება იქნება. გამოყოფილი თანხიდან 2 მლრდ დოლარი ჰუმანიტარულ ინტერვენციებზე დაიხარჯება, 760 მლნ დოლარი სასურსათო დახმარების პროგრამებზე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი - მოსახლეობის დახმარებაზე.

რა პერიოდში და რა გავლენას იქონიებს გლობალური სასურსათო კრიზისი საქართველოზე და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ გამოწვევის დასაძლევად - ამ საკითხებზე BM.GE-სთან გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელმა სანდრო რატიშვილმა ისაუბრა.

კერძო სექტორის წარმომადგენელი თვლის, რომ დღეისთვის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების საკითხია. ის აღნიშნავს, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებულია და მთავარი პირველადი მოხმარების პროდუქტების შესყიდვა, როგორიცაა ხორბალი, ფქვილი, ზეთი, შაქარი და სხვა, სწორედ უცხო ქვეყნებიდან ხორციელდება. სანდრო რატიშვილი იმასაც ამბობს, რომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა, რაზეც ბიზნესი დიდი ხანია საუბრობს.

„სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც მსოფლიოშია, საქართველოზე შესაძლოა რამდენიმე წელიწადში აისახოს, ამიტომ იქ, სადაც ეს შესაძლებლობები რეალურად არსებობს, ჩვენი სასურსათო მოხმარების დიდ ნაწილის ადგილობრივი პროდუქტით დაკმაყოფილება უნდა შეგვეძლოს. მთელი ძალისხმევა აქეთკენ უნდა მიიმართოს, თუნდაც ხორბალი რომ ავიღოთ. საკუთარი მოხმარების ხორბლით დაკმაყოფილების საშუალება, საქართველოს მიწის ფონდიდან გამომდინარე არ აქვს, მაგრამ ის რა საშუალებაც არის, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. ასეთივე პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებით. სხვათა შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კუთხით გარკვეული შედეგები გვაქვს, ზაფხულის განმავლობაში ხილ-ბოსტნეულის ძირითადი მოხმარება უკვე თითქმის 100%-ით ადგილობრივი წარმოების არის. ზაფხულის განმავლობაში საქართველო თითქმის მიუახლოვდა საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, მთელი წლის განმავლობაში ვახერხებდეთ ამას.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარება ერთადერთი გზაა ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარების გზაზე დასაყენებლად. არ შეიძლება მოქალაქეების მიერ მოხმარებული პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტირებული იყოს. ეს ვალუტის რესურსის მუდმივ გადინებას ნიშნავს და იმას, რომ ქვეყანა არასდროს გამდიდრება.

ბიზნესმენები და ადგილობრივი მწარმოებლები ათწლეულებია ამაზე ვსაუბრობთ, ეს წლები დაიკარგა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ერთ თვეში და ერთ წელიწადში გადაწყდება“, - ამბობს გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი.

სანდრო რატიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის საჭიროებები, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების, შესაბამისად, ადგილობრივ წარმოებების გაძლიერებისთვის უნდა განხორციელდეს.

„ამისთვის სამაცივრე მეურნეობების, ლოგისტიკის განვითარებაა საჭირო. ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარდა, ამ კუთხით ჩვენი საექსპორტო პოტენციალი უნდა ავითვისოთ, თუმცა ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო დახმარების, ფინანსების მოძიების და ა.შ. ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია. ინვესტორი დარწმუნებული უნდა იყოს ამ ქვეყანაში შემოსვლის და ინვესტიციების ჩადებისთვის, მაშინ ჩვენ საექსპორტო პოტენციალსაც განვავითარებთ.
რთული და კომპლექსური საკითხია, რომელსაც სასამართლო, ეკონომიკური რეფორმები, საფინანსო დარგის რეფორმები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ესაჭიროება.

მეორე მტკივნეული საკითხი, რომელიც საქართველოში მწარმოებლებს აქვთ, ეს კვალიფიციური მუშახელისა და ზედა რგოლის კადრების უზარმაზარი დეფიციტია. თუ იწყებ საქმეს და აორგანიზებ მას, აუცილებლად აწყდები სამუშაო მუშახელის პრობლემას. ქვეყანაში, სადაც თითქოს უმუშევრობის პრობლემაა, მუშას ვერ ვპოულობთ. შრომა არავის უნდა. ამასთან დღევანდელ მსოფლიოში კვალიფიციური შრომაა მოთხოვნადი. ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ ნიჩბით და გუთნით ვერასდროს ვერაფერს შევქმნით და ეს პრობლემა დიდია“, - განმარტა სანდრო რატიშვილმა.