24.მარტი .2020 13:53

დღეს ჩინეთიდან ველოდებით სპეცრეისს, რომელიც 2 ტიპის სწრაფ ტესტებს ჩამოიტანს - ტიკარაძე

views 371
უკან

დღეს ჩინეთიდან ველოდებით სპეციალურ რეისს, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ჩამოიტანს ორი ტიპის სწრაფ ტესტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე გვაქვს და შევავსებთ მარაგებს, ხოლო მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას. შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი - დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას, სადაც ვთვლით, რომ ეპიდაფეთქების რისკი არსებობს. ამ ეტაპისთვის ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც მოგვცემს ეფექტს, რომ მოხდება ეპიდემიის დინამიურობის შეკავება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კერძო კლინიკებს და მათი ლაბორატორიების მიერ სწრაფი ტესტების ჩატარების უფლების მიღებას, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ყიდულობს ძალიან დიდი რაოდენობით ტესტებს და საჭიროდ არ ითვლება, რომ ისინი კომერციული მიზნით იქნას გამოყენებული.

„რა თქმა უნდა, გარდა ლუგარის ლაბორატორიის, კვლევებში ჩართულია სხვადასხვა ლაბორატორია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავშალეთ გეოგრაფიულად ეს ყველაფერი, სხვა ლაბორატორიები გამოყენებული იქნება, თუმცა კომერციალიზაცია მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.