29.ივნისი .2020 21:41

დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზებული სამყაროსკენ – ხაზარაძე

უკან

117 მომხრე და 3 წინააღმდეგი, დღეს პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა დააკანონა. საკონსტიტუციო ცვლილებებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვება და ცივილიზებული სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯია.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვებაა , რომელიც ჩვენს რეალობას საფუძვლიანად შეცვლის. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზებული სამყაროსკენ, თანამედროვეობისკენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან. ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის - მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს. ახლა, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პოზიციაც და ოპოზიციაც, თუმცა ამ მიღწევას ვერავინ წაართმევს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ბრძოლით მოგვიტანა ეს გამარჯვება,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და მიღებული ცვლილებებისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

NS