მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს დასაქმების და უმუშევრობის ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მაჩვენებელი გამოქვეყნდება

5fe8aee39cc8c
თელარა გელანტია
28.12.20 09:45
1087
დღეს, 11:00 საათზე საქსტატი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით დათვლილ დასაქმების და უმუშევრობის განახლებულ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე პრესკონფერენციას გამართავს.

“როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ახალი სტანდარტების დანერგვა განაპირობებს უმუშევრობის დონის ზრდას და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, უნდა განხორციელდეს წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება“, - აცხადებენ საქსტატში.

საქმე იმაშია, რომ საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც გულისხმობს დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღნიშნული ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატის მიერ 2019 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დანიის სტატისტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის და ევროსტატის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს.