მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს დილით 400 000 PCR-ტესტი მივიღეთ“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

5f5f6e7103187
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 18:20
1129
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში უწყება სტრატეგიული მარაგების შექმნაზე მუშაობდა, რაშიც დონორი ორგანიზაციებიც დაეხმარნენ. ასე უპასუხა თამარ გაბუნიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემის მზაობას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანას მაღალი ხარისხის პირადი დაცვის სამედიცინო აღჭურვილობა აქვს. მისივე ინფორმაციით, არც PCR-ტესტების მარაგის პრობლემა არსებობს.

„დღეს დილით ქვეყანაში ჩამოვიდა 400 000 PCR-ტესტი და ამ დროისთვის, დაახლოებით, 500,000 PCR-ტესტის მასალაა ქვეყანაში, ხოლო მარტის ბოლომდე დაგეგმილია შესყიდვები, რათა მარაგი 1 მლნ-მდე შევავსოთ. ასევე, სწრაფი ტესტების შესყიდვა ხდება, რასაც მაღალი მობილობიდან გამომდინარე, მხოლოდ მძღოლების შემთხვევაში ვიყენებთ და ეს მექანიზმიც კარგად მუშაობს“, - განაცხადა გაბუნიამ.

პირადი დაცვის საშუალებებზე საუბრისას კი, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „ის პრობლემა, რომელიც ეპიდემიის დაწყებისას ლოგისტიკის ნაწილში იყო, გლობალურადაც და საქართველოშიც, დღეს უკვე მოხსნილია.

„ჰოსპიტლების დიდი ნაწილი თავად ახერხებს, რომ შეიძინოს პირადი დაცვის საშუალებები და სამინისტრო უზრუნველყოფს ამის ანაზღაურებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გადმოგვცა საკმაოდ დიდი მარაგი, რომელიც ინახება ცენტრალური სტრატეგიული მარაგის სახით; მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, დამატებითი შესყიდვებიც, ამდენად ამ კუთხით პრობლემებს არ ველით. კარგია ის, რომ სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხიც გაუმჯობესდა, ვინაიდან დეფიციტის პირობებში ხარისხიანი აღჭურვილობის მოძიება რთული იყო“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ქვეყანაში სასუნთქი აპარატების მარაგს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, ამჟამად, 2 200-მდე ერთეული აპარატი აქვთ.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა თავიდანვე ცნობილი იყო იმით და კრიტიკასაც იმსახურებდა, რომ საწოლფონდი და სასუნთქი აპარატები მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ზაფხულში კიდევ ერთხელ მოხდა სუნქვის აპარატების ინვენტარიზაცია და მათი გამართულობის შემოწმება და მიუხედავად იმისა, რომ აპარატული გამართვა რაოდენობრივად საკმარისია, მაინც დამატებით შევიძინეთ 100-მდე სარეზერვო სუნთქვის აპარატი, რომელიც ჩამოსულია ან ველოდებით. საერთო ჯამში, 2 200-მდე სუნთქვის აპარატი გვაქვს და 1 800-მდე ისეთია, რომელსაც სპეციფიკური მახასიათებლები აქვს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.