მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს იმაზე მეტი ჰოსპიტალია, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ პრობლემაზე დავიწყეთ მუშაობა“ - გოცაძე

61cb6e8d88a4a
თამთა ჯიჯავაძე
29.12.21 14:00
459
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი გიორგი გოცაძე გადაცემა Forbes Health-ში ჯანდაცვის სექტორში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - ჭარბსაწოლიანობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ქვეყნისთვის სისტემური პრობლემა, რომლის მოგვარებასაც საქართველო 1990-იანი წლებიდან ცდილობს.

„ჩვენ 1995 წლიდან ვცდილობდით, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა სისტემის მიერ დატოვებული საავადმყოფოების დიდი რაოდენობა ოპტიმალურ რაოდენობამდე დაგვეყვანა. პირველი ოპტიმიზაციის გეგმა 1997 წელს დაიწერა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ იყო. ეს გეგმა როგორღაც განხორციელდა და 2012 წლისთვის მეტნაკლებად ოპტიმალურ რაოდენობამდე მივედით, თუმცა დღეს იმაზე მეტი ჰოსპიტალი აქვს ქვეყანას, ვიდრე მაშინ ჰქონდა, როდესაც ამ პრობლემაზე დავიწყეთ მუშაობა.

ჩვენ როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვთქვით, რომ სახელმწიფოსა და ბიუჯეტს არასოდეს ექნება ამდენი ფინანსური რესურსი, ამიტომ კერძო სექტორი მობრძანდით, ააშენეთ თქვენი ფულით საავადმყოფოები და ჩვენ როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, გადავიხდით გადასახადს, რომელიც თქვენ მიერ ინვესტირებული თანხის უკუგებას მოგცემთ. რეალურად, გავხსენით ბაზარი, შემოვუშვით ყველა, კატასტროფული კაპიტალი ჩავადებინეთ მათ, დღეს კი რეალურად საავადმყოფოების დატვირთულობა არის 49%.

რა თქმა უნდა, პანდემიის დროს აუთვისებელი 51% გამოგვადგა და გვადგება, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სწორია ჭარბსაწოლიანობის ასეთი მაჩვენებელი რომ გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი გოცაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორის მთავარი პრობლემები დღეს ჭარბსაწოლიანობის გარდა, ხარისხის კონტროლის არარსებობაა, ასევე ანაზღაურების ფორმები სახელმწიფო დაფინანსების კუთხით, გაზრდილი ფასები სამედიცინო მომსახურებაზე, რაც ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული და ასევე, მედიკამენტების ფასები.