17.ივლისი .2022 10:12

დღეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 400%-ით აღემატება - ირაკლი კოვზანაძე

დღეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 400%-ით აღემატება - ირაკლი კოვზანაძე
views 1129
უკან

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მაღალ ინფლაციას ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს, ამის შესახებ კოვზანაძემ გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მას წარსულში ეროვნულ ბანკთან მიმართებით ჰქონდა შენიშვნები, თუმცა ამჟამად სებ-ი ინფლაციური მოლოდინების შეკავებისთვის გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ინფლაციაზე ასევე გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, თუმცა ის წელს მაღალი ტემპებით მცირდება.

“მე არ ვიცი ადამიანი საქართველოში, ვინც ინფლაციაზე ჩემზე მეტს საუბრობს. 13.3%-იანი ინფლაცია იყო და ახლა 12.8%-ია, ეს კლება კარგია, მაგრამ მაინც ძალიან მაღალია ინფლაცია.

დღეს ინფლაცია 400%-ით მეტია, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელია.

ბატონ კობა გვენეტაძესთან ჩვენ ხშირად გვაქვს საქმიანი საუბრები და ვეთანხმები იმ დადგენილებებს, რაც პარლამენტმა მიიღო მაგრამ ამავე დროს ხშირად გვაქვს დისკუსია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს (3%-იანი თარგეთი) არის ის მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული. ხშირად გვაქვს ხოლმე კამათიც საკომიტეტო ფორმატში ამასთან დაკავშირებით მაგრამ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებში ვცდილობ არ ჩავერიო და ვიცავ მის დამოუკიდებლობას. მაგრამ ამავე დროს, ვხედავ პრობლემას რაც არის მაღალი ინფლაცია.

ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ ვაკრიტიკებდით ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასთანაც იყო შენიშვნა მაღალ დეფიციტზე. ორივე მიმართულებით ახლა პროგრესი გვაქვს. ეროვნულმა ბანკმა მოენტარული განაკვეთი აწია და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და მეორე მხრივ დეფიციტი და 9.3%-დან ჩამოსული ვართ 4.4%-ზე, რეალობაში კიდევ უფრო დაბალი დეფიციტი გვაქვს.

ფისკალურ კონსოლიდაციაზე როდესაც ვსაუბრობთ IMF-ის, იქ მკვეთრად ითხოვენ, რომ 2023 წელს კიდევ უფრო ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს დეფიციტი. აქედან გამომდინარე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა გავლენას ახდენს და მოახდენს. ეს არის ორი მთავარი ინდიკატორი, რომელიც შენარჩუნებული უნდა იქნეს, იმისათვის, რომ ინფლაცია დათრგუნული იყოს,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 12.8% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონე 7%-მდე უნდა შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა