08.მარტი .2020 11:27

დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის არსებობაზე 9 პაციენტს შეამოწმებენ

views 1609
უკან

დღეს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 9 პაციენტს კორონავირუსის არსებობაზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 12-ს ვირუსის არსებობა დადასტურებული აქვს. 

"დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა.

ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა.