მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს მაგთის ანძები გაითიშა და დღესვე აღდგა კავშირი" - ცქიტიშვილი რაჭაზე

5f2442ee7d196
BM.GE
31.07.20 22:00
1614
მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მაშველებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, პირველივე დღიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მადლობა ჩვენს მფრინავებს, რომელთა დახმარებით, დაახლოებით, 400-მდე ადამიანია გამოყვანილი უკვე სხვადსხვა სოფლიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს რაჭაში, სტიქიის ზონის სოფლებში იმყოფებოდა.

„ორი ჯგუფით მოვიარეთ სოფლები – გლოლა, შოვი და ჭიორა. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საინჟინრო პერსონალით, გზების სპეციალისტებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით. გვქონდა საშუალება მოსახლეობასაც გავსაუბრებოდით და მათგან გაგვეგო აუცილებელი საჭიროებების შესახებ. ყველამ იცის, რომ შექმნილია ცხელი ხაზი მუინიციპალიტეტში, ასევე სოფლის რწმუნებულებთან არის უშუალო კავშირი მოსახლეობის მხრიდან. ყოველდღიური საჭიროებები რაცაა - წამალი, სურსათი, ყველას მიეწოდება შეუფერხებლად, ჩავიტანეთ საწვავიც და ჩავინიშნეთ კიდევ რა არის საჭირო შემდეგი ფრენისთვის. დღეს რამდენიმე რეისი შესრულდა და ვისაც სურვილი ჰქონდა, დამსევენებლებიც გამოვიყვანეთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მუშაობა არ წყდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებით.

„დღეს მაგთის ანძები გაითიშა და დღესვე აღდგა კავშირი, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობენ ენერგოპროს თანამშრომლები. მათი ტექნიკური ჯგუფი ვერტმფრენის მეშვეობით გადასვეს მოწყვეტილ სოფლებში, სადაც ექსტრემალურ რეჟიმში ხდება ელექტრო მომარაგების აღდგენა. 10 სოფელს უკვე მიეწოდება დენი, დანარჩენ სოფლებში კი სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა, დღეს კიდევ რამდენიმე სოფელი დაემატოს. რაც შეეხება გზას, გუშინ ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე შემოვლითი გზის მოწყობა, დღეს კი ერთ-ერთ რთულ მონაკვეთზე, 127-ე კმ-ზე, მოხდა კალაპოტის გაწმენდა და კავშირის აღდგენა. ეს მოგვეცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ საგზაო სამუშაოები სხვა მონაკვეთებზე. ამ პროცესში სასიხარულოა აქტიური თანამშრომლობა საჯარო სამსახურების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის, რაც გვაიმედებს, რომ სტიქიის შედეგებს სწრაფად აღმოვფხვრით და ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.