მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომელიც სემეკის უფლებებს აფართოებს

5f0b7dcba570b
BM.GE
13.07.20 09:01
1096
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანპნპროექტის თანახმად შესაძლოა გახდეს უფლებამოსილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რათა ინიციატივა კანონად 2020 წლის ბოლომდე იქცეს. "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 13 ივლისის ბიუროს სხდომაზე არის დაგეგმილი. 

“კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით: როგორც მოგეხსენებათ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი თანახმად, 2020 წლამდე გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტებს უნდა მიენიჭოთ შესაბამისი გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია უკვე აღჭურვილი იყოს ამ უფლებამოსილებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 5%-ზე დიდი წილის გასხვისების დროს კომისიისთვის მიმართვის წესი იქნება იმ ნორმის ანალოგიური, რაც კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედებს:

"აღსანიშნავია, რომ მსგავსი უფლებამოსილებებია გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში", - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობის შეფასებით ამგვარი ნორმის მიღება ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

განმარტებითი ბარათით ამ ცვლილების აუცილებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვით არის ახსნილი:

"გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის ოპერატორის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი," - ნათქვამია დოკუმენტში.