მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს“ - ეკონომიკის მინისტრი

628237b656f56
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 15:35
630
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დღეს პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს. თუ გარემოფაქტორები შეიცვლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ მხრივ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ფქვილის იმპორტი აქტიურად ხორციელდება, ამასთან ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგები აქვს.

„საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე ის უსაფრთხოების საკითხები, რაზეც ვსაუბრობ გათვალისწინებულია“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა და პურის მწარმოებლები მაისის ბოლომდე პურის ფასის ზრდას აღარ ელიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 13 მაისს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადების შემდეგ, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები იწურება, ფქვილის იმპორტიორებმა ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით 3 ლარით გაზარდეს.