მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "თელასის" 24%-იანი წილის აუქციონი გაიმართება

5f5797beb71d2
BM.GE
09.09.20 09:00
1424
დღეს საპარტნიორო ფონდი "თელასში" არსებული 24.53%-იანი წილის გასაყიდად აუქციონს გამართავს. გუშინ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ ობიექტში წილის შეძენის მიმართულებით ინვესტორთა მხრიდან ინტერესი არსებობს, რის გამოც არის ვარაუდი, რომ კომპანიის მინორიტარული წილი სარფიანად გაიყიდება. "თელასის" წილის რეალიზაციის გეგმის შესახებ ცნობილი აგვისტოში გახდა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი  10 511 211.08 აშშ დოლარია.

"ინტერესი არის პრივატიზაციის მიმართ. 2019 წელთან შედარებით ზრდა საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ პრივატიზაციაში. რაც შეეხება უშუალოდ „თელასს“, აქ რაიმე რისკებს ვერ ვხედათ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საკმაოდ სარფიანად გაიყიდოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობს. კომპანიის 0.36%-იან წილი კი ფიზიკურ პირებს ეკუთვნით.

რამდენიმე დღის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო. 

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.

წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 163.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.28%;
● კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 258 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.85%;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 25.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.56%;
● ელექტროენერგიის ტრანზიტი - 5.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%.

თელასისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 246.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხარჯები 71 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა კი 44.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში სს “თელასმა” ელექტროენერგიის შესყიდვაზე 361.9 მილიონი ლარი დახარჯა.

“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.