მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ქვეყანაში 4-6 კვირიანი "ლოქდაუნის" შემოღების ყველა საფუძველია - გამყრელიძე

609ade2ad0360
თამთა ჯიჯავაძე
11.05.21 23:37
23154
"ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი "ლოქდაუნი" შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასეთი მკაცრი "ლოქდაუნის" გამოცხადება ძალიან რთული იქნება ყველა მიმართულებით.

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს. გამყრელიძის განმარტებით, მობილობის შემცირება ნებისმიერი პანდემიის დროს ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

„მხოლოდ ამისთვის არის შემოღებული, შაბათ-კვირას რესტორნების არფუნქციონირებაც, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, თუ რატომ გადაწყდა სკოლებსა და სასწავლებლებში სწავლის აღდგენა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციაც არის, რომ სკოლა უნდა დაიკეტოს ყველაზე გვიან და გაიხსნას ყველაზე ადრე, ვინაიდან განათლება არის საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი.

გარდა ამისა, გამყრელიძემ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზეც, რის მიხედვითაც შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებზე საუბარი.

„ჩვენ რომ აცრების სამიზნე მაჩვენებლის 10% გვქონდეს გაკეთებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებაზე წახვიდე, მაგრამ როდესაც დღეს დილის მონაცმებით, 31 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში, ეს ძალიან მაღალია საქართველოში. მილიონ მოსახლეზე დღეში რვა გარდაცვალება, არის ძალიან მძიმე. ამის ფონზე ნებისმიერ შემსუბუქებას, NCDC მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ ამჟამინდელ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, დაახლოებით, ორი კვირა, შემდეგ დღიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დაიწყებს კლებას და მაისის ბოლოს ქვეყანაში შედარებით უკეთესი ეპიდვითარება იქნება, როცა ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება ე.წ კომენდანტის საათის გადაწევაზე ან გაუქმებაზეც საუბარი.